Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ლომჯარია დიმიტრი ხუნდაძეს: რას ბედავთ თქვენ?!


ნინო ლომჯარია, საქართველოს სახალხო დამცველი
ნინო ლომჯარია, საქართველოს სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "ფეისბუკზე" ეხმიანება მმართველი პარტიის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის შეფასებებს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე. ხუნდაძემ ევროპარლამენტი 9 ივნისის რეზოლუციის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე, თუკი უსამართლო ვალდებულებებს მიიღებს.

"რაო? რას ბედავთ თქვენ?! საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი. ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ?" - წერს ნინო ლომჯარია.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ "ინტერპრესნიუსთან" კომენტარში თქვა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო "შეურაცხყოფა ქართველი ხალხის" და "გუშინდელმა დღემ ლამის დაანგრია ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი".

"თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას", - აღნიშნა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის გარდა, რეზოლუციის ტექსტი უარყოფითად შეაფასეს მმართველი გუნდის სხვა წევრებმაც. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს იყო "ფეიკების" შედეგი და მას ჩალის ფასი ჰქონდა.

9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG