Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თსუ: სტუდენტების პროტესტისას დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, მათგან 4 კლინიკაშია გადაყვანილი


ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში დაპირისპირება მოხდა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს შორის. სტუდენტები, რომლებიც რამდენიმე კვირაა აქტიური პროტესტის გზას მიმართავენ 4 მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომელთაგან ორი დისტანციურად გამოცდების ჩაბარების უფლების მინიჭება და სტუდენტური საცხოვრებლის ხელმისაწვდომობაა, რექტორის კაბინეტის დაკავებას ცდილობდნენ, რა დროსაც კართან მდგარი დაცვის წევრების ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა დაჭირდათ. დაძაბულობისას, ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა პროფესორი რამაზ ხომერიკი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.

უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები - დაცვის 4 თანამშრომელი კლინიკაშია გადაყვანილი, უნივერსიტეტის ერთ თანამშრომელს კი ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება. თსუ აპირებს სამართალდარღვევის ფაქტების შესწავლის შემდეგ ეთიკის კომისიას გადასცეს დაპირისპირებაში მონაწილე სტუდენტების საქმეები განსახილველად.

სტუდენტების მოთხოვნები ასეთია:

  • გადადგეს რექტორი და შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი!
  • დაუყოვნებლივ ჩატარდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტის სრული აუდიტი!
  • აშენდეს საერთო საცხოვრებელი!
  • შეიცვალოს ამ სემესტრის ფინალური გამოცდების ჩატარების ფორმატი!

თსუ-ს პრესსამსახურისცნობით, საგამოცდო პროცესში სტუდენტთა მხარდასაჭერად რამდენიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული:

  • გაიხსნა რეგიონული საგამოცდო ცენტრები ახალციხესა და ქუთაისში, სადაც მხოლოდ 160 სტუდენტი დარეგისტრირდა; საერთო საცხოვრებლები საგამოცდო პერიოდში გახდა უფასო;
  • თუ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რომელიმე სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ მოახერხებს საგამოცდო პროცესში ჩართვას, თითოეული ეს შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ.

"ამ ნაბიჯების მიუხედავად, სტუდენტთა მცირე ჯგუფი დღემდე აგრძელებს პროტესტს სხვადასხვა, მათ შორის გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარების მოთხოვნით. სტუდენტთა ამ მცირე ჯგუფთან კომუნიკაცია პირველივე დღეებიდან მიმდინარეობს. მათ 2 შეხვედრა ჰქონდათ რექტორთან, ხოლო 20-მდე შეხვედრა შედგა რექტორის მოადგილესთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მის მოადგილესთან, ფაკულტეტების დეკანებთან, ადმინისტრაციული დეპარტამენტების წარმომადგენლებთან.

სამწუხაროდ, პროტესტმა მიიღო ძალადობრივი ფორმა. დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი" - ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

პროტესტის მონაწილე სტუდენტები კი ამბობენ, რომ უნივერსიტეტი და სახელისუფლებო მედია ცდილობს მათი და მათი პროტესტის მარგინალიზაციას.

XS
SM
MD
LG