Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი რეზოლუციაზე: 300-მა ევროპარლამენტარმა შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება აჩვენა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მისი თანაგუნდელების მსგავსად ამბობს, რომ ბევრი ტყუილი წერია იმ რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით 9 ივნისს მიიღო. მან ჟურნალისტებთან ამ საკითხზე თავის პირველ კომენტარში თქვა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება.

"ჩემთვის მთავარია, რომ დამოკიდებულება, რომელიც 300-მა ევროპარლამენტარმა აჩვენა, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელია ჩვენი ხალხის, რომლის 80 პროცენტი მომხრეა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანების - ეს არის აღმაშფოთებელი. მათ აჩვენეს სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების მიმართ.

სტატუსი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ის დამოკიდებულება გავიგო, რა დამოკიდებულება აქვს ჩვენს ევროპელ ნამდვილ მეგობრებს ჩვენი ხალხის და ქვეყნის მიმართ. ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ..." - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას ელოდება. ეს საკითხი 23-24 ივნისს განიხილება.

3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით წარდგენის გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების განხილვამდე 9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

რეზოლუციის ტექსტი უარყოფითად შეაფასეს მმართველი გუნდის წევრებმა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს იყო "ფეიკების" შედეგი და მას ჩალის ფასი ჰქონდა.

დღეს, 11 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ "თუ [წევრობის კანდიდატის სტატუსზე] გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი, ყველაფერს ფარდას ახდის".

გუშინ, 10 ივნისს საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ "ინტერპრესნიუსთან" კომენტარში თქვა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო "შეურაცხყოფა ქართველი ხალხის" და "გუშინდელმა დღემ ლამის დაანგრია ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი".

"თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას", - აღნიშნა ხუნდაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG