Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს განმარტავს, რატომ არ შემოუშვა რუსი აქტივისტი საქართველოში


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა თბილისში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა თბილისში

რუსი აქტივისტის, ინსა ლანდერის (ოგუზ ინსა სოლთან-ხამიდოვას) საქართველოში არშემოშვების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს მისთვის საზღვრის კვეთაზე უარის თქმის საფუძველს.

უწყების თანახმად, ინსა ლანდერი (ოგუზ ინსა სოლთან-ხამიდოვა) საქართველოში არ შემოუშვეს კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს საზღვრის კვეთაზე უარს ისეთ შემთხვევებში, როცა პირის ქვეყანაში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

შსს-ს ცნობით, ინსა ლანდერს (ოგუზ ინსა სოლთან-ხამიდოვა) 12 ივნისს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს, „ვინაიდან იგი იძლეოდა აშკარად ცრუ და ურთერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას თავისი ვიზიტის მიზნების შესახებ, რაზეც შედგა შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტი და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით“.

უწყების თანახმად, ინსა ლანდერი მომდევნო დღეს, 13 ივნისს, „კვლავ გამოცხადდა დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე და მოითხოვა საერთაშორისო დაცვა“.

მისი განმარტებით, ის ბრალდებულია რუსეთის ფედერაციაში ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამო და სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვს შინაპატიმრობა საქმის არსებით განხილვამდე. მისივე განმარტებით, მან დაარღვია შინაპატიმრობის წესები, მოიხსნა ე.წ. ,,სამაჯური" და საპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომ აპირებდა საქართველოში შემოსვლას. აღსანიშნავია, რომ მასობრივი ინფორმაციის წყაროებიდან ნამდვილად იკვეთება, რომ აღნიშნული პიროვნება არის ბრალდებული ისეთ მძიმე საერთაშორისო დანაშულში, როგორიც არის ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის საკითხი თანხვედრაში უნდა იყოს საზღვრის კვეთის შესაბამის მოთხოვნებთან, სხვა შემთხვევაში ქვეყანას კანონმდებლობით და "ლტოლვილთა შესახებ კონვენციის" საფუძველზე უფლება აქვს შეუზღუდოს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს ქვეყანაში შესვლის უფლება.

თუკი პირი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს, მათ შორის, თუკი პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს ან თუ პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ისეთ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ტერორიზმი, ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ასეთ პირს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ დირექტორმა ეგორ კუროპტევმა ტელეგრამის არხით გაავრცელა ინფორმაცია, რუსეთში სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის საფუძველზე დევნილი აქტივისტის, ინსა ლანდერის საქართველოში არშემოშვების შესახებ. მისი თქმით, ლანდერი საქართველო-რუსეთის ნეიტრალურ სასაზღვრო ზონაში 5 დღეა იმყოფება და მისი მონახულების საშუალება არ მიეცათ სახალხო დამცველის წარმომადგენლებსაც.

კუროპტევის თქმით, ლანდერს რუსეთში პატიმრობა ემუქრება უსაფუძვლო ბრალდებით.

ინსა ლანდერი, რომელიც ბოლო წლებში მოსკოვში ცხოვრობდა, გასული წლის 9 დეკემბერს ქალაქ ბაქსანში, ნათესავების ბინაში დააკავეს და ნალჩიკის უშიშროების ფედერალურ სამსახურში დაკითხვაზე გადაიყვანეს. მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს. იგი შეყვანილია რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახურის ტერორიზმისა და ექსტრემიზმის მხარდამჭერთა სიაში.

ინსა ლანდერი აწარმოებდა ბლოგს Twitter-ზე. ის ყაბარდო-ბალყარეთის მაღალი თანამდებობის პირების ხელმძღვანელობით არსებული ადგილობრივი საქველმოქმედო ფონდის არამიზნობრივად გამოყენების საკითხს იძიებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG