Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ორი ცხინვალელი მებრძოლი დაასაფლავეს


დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი უკრაინაში დაღუპული ცხინვალელი მებრძოლის დაკრძალვაზე.
დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი უკრაინაში დაღუპული ცხინვალელი მებრძოლის დაკრძალვაზე.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკრაინის ომში დაღუპული ორი მებრძოლი ერთ დღეს დაასაფლავეს. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მარატ ჯიოევი უკრაინაში მოხალისედ წავიდა. მის გასვენებაში იმყოფებოდა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი, რომელმაც დაღუპული მებრძოლის ოჯახის წევრებს და მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადა.

„გულისტკივილით დღეს ვემშვიდობებით დაღუპულ გმირს, ოსი ხალხის შვილს. დაკარგვის ტკივილს ვერანაირი მხარდაჭერის სიტყვა ვერ ჩაახშობს, ქედს ვიხრი მარატის ოჯახის წინაშე. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მისი მსგავსი ადამიანები. მათი სახელები სამუდამოდ დარჩება ოსი ხალხის მეხსიერებაში. საკუთარი სიცოცხლის ფასად ისინი იბრძვიან ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისა და მომავლისთვის“, - განაცხადა მან.

დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებულებით, მარატ ჯიოევი დაჯილდოვდა (სიკვდილის შემდგომ) მედლით „სამშობლოს დამცველი". მეორე გასვენებაში კი ე.წ.პრემიერ-მინისტრი კონსტანტინ ჯუსოევი და დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ალან ტადტაევი წავიდნენ.

კიდევ ერთი დაღუპული, ვლადიმერ კოზაევიც მოხალისედ წავიდა რუსეთ-უკრაინის ომში. ის 2008 წლის აგვისტოს ომშიც იბრძოდა. 2014 წელს დონბასის ე.წ. რესპუბლიკებში იყო მოხალისედ. მანამდე ის დე ფაქტო შსს-ს სპეცრაზმში მსახურობდა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ვლადიმერ კოზაევი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით "სამშობლოს დამცველი".

დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმერ ფუხაევმა, სიტყვით გამოსვლისას პირველად განაცხადა, რომ უკრაინელების წინააღმდეგ ცხინვალიდან წასული ათასამდე მოხალისე და ჯარისკაცი იბრძვის. მანამდე ცნობილი იყო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან უკრაინის ომში დაღუპულია 12 მებრძოლის (მოხალისეები და რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეები) შესახებ. საომარ მოქმედებებს ემსხვერპლნენ აცამაზ ჯიოევი, აცამაზ ბესტაევი, როლანდ ცხოვრებოვი, ალან გაბაევი, ალან თედეევი, ალიმ ლოხოვი, ინალ კორტიევი, ანდერი ბაკაევი, რუსლან ბესაევი და რუსლან კაზიევი.

ოსური საზოგადოების დამოკიდებულება უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად წასული სამხედროების მიმართ ორაზროვანია: ზოგი მათ გმირებად მიიჩნევს, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა კაცების ომში გაგზავნა პატარა ხალხის განადგურებას უტოლდება. სოციალურ ქსელებში ზოგიერთმა კომენტატორმა ამ ფაქტს „ერის კასტრაციაც“ კი უწოდა. მანამდე რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.

XS
SM
MD
LG