Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატის კომიტეტი თანახმაა რუსეთი გამოცხადდეს ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად


აშშ-ის დროშა ვაშინგტონში, კონგრესის შენობასთან
აშშ-ის დროშა ვაშინგტონში, კონგრესის შენობასთან

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსეთის გამოცხადებას ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად. რეზოლუციის ინიციატორი იყო რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი. მის წინადადებას მხარი დაუჭირა დემოკრატმა რიჩარდ ბლუმენტალმა.

რეზოლუციით, რომლის ინიციირება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მაისში მოხდა, რუსეთი უნდა დაემატოს ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების ჩამონათვალს. რეზოლუციას კენჭი უნდა უყარონ სენატის სხდომაზე, თუმცა, როგორც რესპუბლიკელმა სენატორმა, კრის კუნსმა უთხრა „ამერიკის ხმის“ უკრაინულ სამსახურს, საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს.

რესპუბლიკელი სენატორის, ჯეიმს რიშის თქმით, რუსეთი, ვლადიმირ პუტინის მეთაურობით, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოა. რიშის შეფასებით, ის, რაც პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანების გაცემით გააკეთა, ტერორისტული აქტი იყო. სენატორი რიში მიიჩნევს, სენატში საერთო კენჭისყრისას რეზოლუციას ბევრი მხარდამჭერი ეყოლება და საკითხს დიდი ყურადღებით მიუდგება სახელმწიფო მდივანიც. ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამჟამად ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.

XS
SM
MD
LG