Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თბილისი პრაიდი" მოითხოვს უსაფრთხოებას "ალტ-ინფოს" მუქარის ფონზე


„თბილისი პრაიდი“, რომელმაც წელს უარი თქვა "ღირსების მარშზე", მოითხოვს, რომ მთავრობამ უზრუნველყოს უსაფრთხოების ზომები მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებისას. 26 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებას ორი მოთხოვნით მიმართეს:

„მოვითხოვთ, მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადოს, რომ დაიცავს „თბილისი პრაიდის" სამივე ღონისძიებას და მისი თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას, ასევე უზრუნველყოს საჯარო წესრიგის დაცვა ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიებზე და მთელ ქალაქში.

ჩვენი მეორე მოთხოვნაა - დაისაჯონ 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ ძალადობრივ მუქარებს და საფრთხეს უქმნიან მთელი ქვეყნის ევროპულ მომავალს“.

"თბილისი პრაიდი" აცხადებს, რომ წელს „საზოგადოების პოლარიზაციისა და განსაკუთრებით, ევროინტეგრაციის პროცესში დაძაბულობის კერების თავიდან არიდების მიზნით“, „შეგნებულად და გააზრებულად“ მიიღეს გადაწყვეტილება, არ ჩაატარონ „ღირსების მარში“; თუმცა „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული "კონსერვატიული მოძრაობის" მხრიდან კვლავ ისმენენ ძალადობის მუქარას დახურულ ფორმატში გასამართი ღონისძიებების ჩასაშლელად.

„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ დაცვის დაპირება მიიღეს შს სამინისტროსგან და უახლოეს მომავალში მოელიან უწყების საჯარო განცხადებასაც.

„ჩვენ ორი თვეა აქტიურ კომუნიკაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. მათ ვაწვდით სრულ და ზუსტ ინფორმაციის კვირეულის ღონისძიებებთან დაკავშირებით. ასევე სამართალდამცველ ორგანოებს ვაწვდით ფაქტებს გაჟღერებული მუქარებისა და ძალადობის ორგანიზების შესახებ.

შსს-თან შეხვედრები მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და სახალხო დამცველის ოფისის მონაწილეობით. ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ შს სამინისტრო გვაძლევს სამივე ღონისძიების დაცვის გარანტიებს და როგორც მათ მიერ გაჟღერდა, ამ საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში თავადაც გააკეთებენ საჯარო განცხადებას. ასევე მუქარისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ მოწოდების ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება“, - აცხადებს „თბილისი პრაიდი“.

თუმცა, მათ აღელვებთ და „სერიოზულ ეჭვებსა და შიშებს“ იწვევს ის ფაქტი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კეთდება „თბილისი პრაიდისა“ და „ლგბტ თემის დამაზიანებელი, მადისკრედიტებელი და ძალადობის წამახალისებელი განცხადებები“.

„კერძოდ, [პრემიერ-მინისტრი] ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს გვდებს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში და ხელოვნურად ცდილობს ჩვენს დაკავშირებას პოლიტიკური პარტიების საქმიანობასთან; ხოლო ["ქართული ოცნების" თავმჯდომარე] ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ ვერ ხედავს 5 ივლისის მოვლენების ორგანიზებაში ალტ-ინფოს ლიდერების ბრალს, რითიც ქმნის დაუსჯელობის სინდრომს და სტიმულს აძლევს წლევანდელ იდენტურ მუქარებს“, - ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

"კონსერვატიული მოძრაობა" აცხადებს, რომ დაიწყო მხარდამჭერების მობილიზება 2 ივლისისთვის და ფულსაც აგროვებს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი მუსიკალური ფესტივალის წინააღმდეგ.

გასული წლის 5 ივლისს, როცა თბილისის ცენტრში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, ქუჩაში სიძულვილის ჯგუფები "ალტ-ინფოს" ლიდერებისა და სასულიერო პირების მოწოდებით გამოვიდნენ. იმ დღეს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, დააკავეს 30-ზე მეტი ადამიანი, თუმცა მათ შორის არ არიან ორგანიზატორები.

ახლა, როცა საქართველოს 6-თვიანი ვადა აქვს იმ 12 მოთხოვნის შესასრულებლად, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა აქტუალურია. ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ამას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG