Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი 24 ივნისის აქციის მოთხოვნებზე: სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების სურვილი


შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი. მისი სიტყვებით, დემოკრატია ასე არ მუშაობს.

„ეს სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი, დემოკრატიის და დემოკრატიის პროცედურების გვერდის ავლით. არაფერი არ იცვლება, სამწუხაროდ, რიგი პოლიტიკური ჯგუფებისა, მათ შორის, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები დაუბრუნდნენ 2020 წლის პოსტსაარჩევნო მდგომარეობას, იგივე სახეებს ვხედავთ, იგივე მოწოდებებით. გასაგებია, არის პოლიტიკური ჯგუფები, ზოგი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც არ სურთ, რომ „ქართული ოცნება“ იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ დემოკრატია ასე არ მუშაობს, დემოკრატია მუშაობს არჩევნებით. არჩევნებზე როგორც გადაწყვეტს ქართველი ხალხი, ამას უნდა მიჰყვეს ყველა, იქნება ეს პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია, აქტივისტი თუ ასე შემდეგ, ამას ჰქვია დემოკრატია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დემოკრატიამ ქართველი ხალხის სურვილის შესაბამისად გაანაწილა პოლიტიკური წონა პარტიებს შორის და ყველამ ხალხის ნებას უნდა სცეს პატივი.

ეს საუბრები, არის მიბრუნება, ისევ იგივე წრეზე შესვლა და იგივე სპირალშია მოხვედრილი ახლა პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგიერთი ნაწილი. სპირალი, რასაც ჰქვია დემოკრატიის მიტაცება, დემოკრატიის გვერდის ავლით, რასაც, რა თქმა უნდა, როგორც სხვა დროს ვერ შეძლეს, ახლაც ვერ შეძლებენ. დემოკრატიას ჩვენს ქვეყანაში გვერდს ვერავინ ვერ აუვლის“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რატომ უნდა იყოს წინააღმდეგი საპარლამენტო უმრავლესობა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც გულისხმობს მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრის შეცვლას( და არა ვადამდელ არჩევნებს) და ასევე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების მიერ იმ მთავრობის დაკომპლექტებას, რომელიც წლის ბოლომდე შეასრულებს ევროპული საბჭოს რეკომენდაციებს, პაპუაშვილმა თქვა:

აქ საპარლამენტო უმრავლესობის აზრი კი არ არის გადამწყვეტი, აქ არის ხალხის აზრი გადამწყვეტი. ხალხი ეწინააღმდეგება ამას, ვინაიდან, არჩევნებზე ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უმრავლესობა უნდა ჰქონოდა „ქართულ ოცნებას“, რომ მთავრობა უნდა დაეკომპლექტებინა „ქართულ ოცნებას“, ეს არის დემოკრატიული მანდატი და ამის გვერდის ავლის მცდელობაა. ხალხმა თქვა, რომ მთავრობა უნდა დააკომპლექტოს „ქართულმა ოცნებამ“. ახლა ზოგიერთი პარტია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ, არა - ხალხის გადაწყვეტილებით კი არ უნდა იყოს ეს წონა და დაკომპლექტება, არამედ ისე, როგორც ამას ჩათვლის საჭიროდ რამდენიმე თვითგამოცხადებული დემოკრატიული ელიტის წარმომადგენელი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" 24 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საზოგადოებას ორი მოთხოვნა გააცნო: პირველი არის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა, მეორე კი - ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება.

ამ მოთხოვნების შესასრულებლად სახალხო მოძრაობამ ხელისუფლებას ვადა 3 ივლისამდე მისცა.

3 ივლისს რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

ამავე აქტივისტების ორგანიზებით, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია 20 ივნისსაც გაიმართა.

27 ივნისს პატია "ლელომ" განცხადება გაავრცელა. ამ განცხადებით, თუ „ქართული ოცნება" უარს იტყვის მოთხოვნილი ნაბიჯების გადადგმასა და ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე 3 ივლისამდე, „ლელო" მიიჩნევს: „ჩვენი საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება".

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG