Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ გაეროს მიმართა, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიაროს და ორგანიზაციიდან გარიცხოს


28 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი რუსეთთან ომში დაღუპული უკრაინელების ხსოვნას
28 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი რუსეთთან ომში დაღუპული უკრაინელების ხსოვნას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი დაადანაშაულა გაეროს ფუძემდებლური პრინციპების და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის დარღვევაში და განაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, რუსეთი რჩება გაეროში და ისევ სარგებლობს უშიშროების საბჭოს წევრის პრივილეგიებით. 28 ივნისს ზელენსკიმ კიევიდან ნიუ-იორკში, ვიდეოკავშირით მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს არ აქვს უშიშროების საბჭოს წევრად დარჩენის უფლება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს მოუწოდა, შემოიღოს ტერორისტი სახელმწიფოს იურიდიული სტატუსი და რუსეთს, როგორც ტერორისტ სახელმწიფოს, გაეროს გენერალურ ასამბლეაში უფლებამოსილება ჩამოართვას. ზელენსკიმ გაეროს მიმართა, შექმნას საერთაშორისო ტრიბუნალი, უკრაინაში რუსი ოკუპანტების ქმედებების გამოსაძიებლად და დასასჯელად. უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს შესთავაზა, ქალაქ კრემენჩუკში დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება იმის შესამოწმებლად, რომ ქალაქის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიში რუსეთმა განახორციელა.

27 ივნისს, პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე შეტევის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 20 ადამიანი. უკრაინის პრეზიდენტმა სამოქალაქო ობიექტზე სარაკეტო დარტყმას ტერორისტული აქტი უწოდა. 28 ივნისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამიზნე იყო ანგარი, სადაც აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი შეიარაღება და საბრძოლო მასალები ინახებოდა, მეზობლად მდებარე სავაჭრო ცენტრში კი, ხანძარი გამოიწვია ანგარში შენახული საბრძოლო მასალების დეტონაციამ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადება 28 ივნისს ნიუ-იორკში გაიმეორა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ. მან პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინის პრეზიდენტს, 5 აპრილის შემდეგ, მეორედ მისცეს გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე გამოსვლის შესაძლებლობა.

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების ჯგუფმა 28 ივნისს გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც მკაცრად დაგმო, 25-27 ივნისს უკრაინის საცხოვრებელ რაიონებსა და სამოქალაქო ობიექტებზე რუსეთის სარაკეტო დარტყმები, მათ შორის, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ირლანდიის, ნორვეგიის და ალბანეთის ერთობლივ განცხადებაში საუბარია დამოუკიდებელი გამოძიების აუცილებლობასა და პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მათთვის, ვინც არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და ომის დანაშაულს სჩადის.

XS
SM
MD
LG