Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შვებას არ აძლევთ ხელისუფლებას" - ხონში 3 ივლისის აქციაზე ფლაერების დარიგება გააპროტესტეს


ხონში, ისევე როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ხელისუფლების მხარდამჭერები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ 3 ივლისის აქციის შესახებ ფლაერების დარიგებისას. იმერეთში მოქალაქეებთან შესახვედრად და აქციაზე მათ მისაწვევად დანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი გიგი გიგიაძე და ტელეწამყვანი ირაკლი ვახტანგიშვილი ჩავიდნენ.

"არ აცლით და რაფერ გააკეთებს? არ შვებით. შვებას არ აძლევთ ხელისუფლებას"; "თქვენ ხართ პოლიტიკური პარტია - ასრულებთ "ნაციონალური მოძრაობის" დავალებას"; "სამოქალაქო საზოგადოება ვართ ჩვენ, თქვენ ცოტა აცდენილები ხართ", - ეუბნებოდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მოქალაქეები, რომლებიც აქციის შესახებ ფლაერების ხალხში გავრცელებას ეწინააღმდეგებოდნენ.

დღეს, 30 ივნისს, 3 ივლისის აქციის ბუკლეტების დარიგება გააპროტესტეს და სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მაღლივ კორპუსთან".

გუშინ, 29 ივნისს, მოქალაქეებთან შეხვედრების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩავიდნენ 3 ივლისის აქციის შესახებ ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

3 ივლისს თბილისში სახალხო მოძრაობის, "შინ ევროპისკენ" ორგანიზებით კიდევ ერთი აქცია გაიმართება. მანამდე კი, მოსახლეობის ინფორმირებისთვის რეგიონებში ჩადის ყველა ის ჯგუფი, რომლებიც ემხრობიან მოძრაობის მოთხოვნებს: გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის: ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, ქუთაისში, ჭიათურაში, დმანისში, მარნეულში, ახმეტასა და თელავში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG