Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ და მისი დაჯგუფების 12 წევრია დაკავებული - მედია


საბერძნეთის პოლიციის მიერ გადაღებული ფოტო
საბერძნეთის პოლიციის მიერ გადაღებული ფოტო

ბერძნული მედიის ცნობით, ადგილობრივმა პოლიციამ ჩატარებული ოპერაციის საფუძველზე ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი აკაკი (კაკო) ბილანიშვილი და მისი 12-კაციანი კრიმინალური დაჯგუფების წევრები 8 ივნისს დააკავა. 1 ივლისს კი ათენის პროკურატურის განკარგულებით, დაკავებულთა ფოტოები გასაჯაროვდა, მათ შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით.

დაკავებულთა შორის ერთი ერაყის მოქალაქეა, ყველა დანარჩენი კი - საქართველოსი.

ბერძნული მედია, ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაჯგუფების წევრებმა ათეულობით სახლი გაქურდეს, ნაქურდლის ოდენობა კი 120 ათას ევროს შეადგენს.

დაკავებულთა ბინების და რამდენიმე მაღაზიის ჩხრეკის საფუძველზე ნახეს, რომ ნაქურდალს შორის იყო დიდი ოდენობით ძვირფასეულობა, ძვირადღირებული საათები, ელექტრო მოწყობილობები, მობილური ტელეფონები, სიმბარათები, სუნამოები, მზის სათვალეები და ფულადი თანხა, ჯამში 8347 ევროს ოდენობით. პოლიციელებმა ამოიღეს ასევე ცეცხლსასროლი იარაღი და კარის საკეტების გასახსნელი ინსტრუმენტები.

როგორც ბერძნული მედია წერს, დაჯგუფების წევრები სპეციალურად შემუშავებული სქემის მიხედვით მოქმედებდნენ - ისინი წინასწარ არჩევდნენ ბინებს, უთვალთვალებდნენ მეპატრონეებს და მას შემდეგ, რაც ისინი გადიოდნენ, ბინებში თავად შედიოდნენ საქურდლად.

ნაქურდლის რეალიზებით მიღებულ თანხას ჯგუფის წევრები ერთმანეთში ანაწილებდნენ. მათ საქმიანობას აკონტროლებდა აკაკი ბილანიშვილი, რომელიც მათ შორის ავტორიტეტით სარგებლობდა.

აკაკი ბილანიშვილის ოჯახის ახლობელი, ადვოკატი თამარ აბესაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ „აკაკი ბილანიშვილს არაფერი აქვს დასაჭერი, დაკავებულიც არ ყოფილა. საფუძველი არ არსებობს“.

ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს ისეთი მძიმე, ვერც კი იფიქრებთ, რომ რამეს უდგას სათავეში. კაცი არის მწოლიარე, ინსულტიანი, მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება ექიმის - მითხარით, ასეთი რამ შესაძლებელია? [ჯანმრთელობის მდგომარეობა] არაფერ შუაშია, ვერ დააკავებდნენ ისედაც, მტკიცებულებები უნდა გეკავოს ხელში“, - ამბობს თამარ აბესაძე.

კითხვაზე, რატომ ასახლებს მაშინ ბერძნული მედია მას, თამარ აბესაძე ამბობს, რომ მისი გვარის უსაფუძვლო ხსენებას მიჩვეულია.

ეს კითხვა ჩვენც გვაქვს, მაგრამ იმდენად მივეჩვიეთ ამ გვარის ხსენებას... მის შვილსაც ხო ახსენებდნენ ხოლმე ავთოს... ახსენონ და ჩვენც პასუხს გავცემთ“, - ამბობს, ის.

აკაკი ბილანიშვილის შვილი, ავთო (ავთანდილ) ბილანიშვილი ტელეკომპანია "მთავარი არხის" ცნობით, 2020 წელს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მონაწილე იყო. ამ ინფორმაციის გავრცელების გამო ავთანდილ ბილანიშვილმა, მეტსახელად „კაწრომ“, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში სამი მუხლის დარღვევისთვის მიმართა. მათ შორის, ზუსტი და წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელების დარღვევისთვის.

ტელეკომპანია "პირველი" კი ირწმუნება, რომ საბერძნეთში დაკავებულ აკაკი ბილანიშვილს კავშირი აქვს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან და მის ოჯახთან. მანამდე იუწყებოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი აკაკი ბილანიშვილის თბილისში მცხოვრებ ვაჟთან, ავთანდილ ბილანიშვილთან მეგობრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG