Accessibility links

site logo site logo

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა


საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის 12 პირობის შესრულების საკითხზე საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს შეხვდა. პარლამენტის სპიკერთან კონსულტაციაში მონაწილეობდნენ: „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, „გირჩის" წევრი სანდრო რაქვიაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი „მოქალაქეებიდან" ლევან იოსელიანი, პარტია" საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური.

„კონკრეტული დღის წესრიგით ვიყავი შეხვედრაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, დაინახავდა თუ არა „ქართული ოცნება", კერძოდ, [პარლამენტის] სპიკერი იმის აუცილებლობას, რომ იმისთვის, რათა პროცესში ჩართული იყოს ოპოზიცია და პროცესი იყოს ინკლუზიური, აუცილებელია კომპრომისები, ნაბიჯების გადადგმა ოპოზიციის მხარეს, რისი მთავარი ინდიკატორი იქნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს არის საკითხი, რომელიც ეხმიანება 12-პუნქტიან ჩამონათვალში როგორც საარჩევნო კოდექსს, ასევე დეპოლარიზაციის საკითხს, - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ და დაამატა, - სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, მე ვერ დავინახე, რომ „ქართული ოცნება" მზად არის ამ ნაბიჯისთვის. „ქართული ოცნება" და კერძოდ, ბატონი სპიკერი საუბრობდა იმ პროცესზე, რომელიც დაანონსა ბატონმა კობახიძემ, მაგრამ იქვე არ ჰქონდა პასუხი, რას ნიშნავს, როცა შეხვედრის წინ ბატონი კობახიძე აკეთებს რადიკალურ განცხადებას, იმ პარტიების გასაგონადაც კი, ვინც ვთვლით, რომ აუცილებელია პროცესი იყოს ინკლუზიური და მზად ვართ, შევხვდეთ სპიკერს, რადიკალურ განცხადებებს აკეთებს".

ანა ბუჩუკური უკმაყოფილოა იმით, რომ შეხვედრაში სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა არ მიიღეს მონაწილეობა. „ეს იყო პირველი შეხვედრა და რომ გითხრათ, რომ ძალიან განსაკუთრებული მოლოდინებით შევედი, ასე არ იყო. ბევრ საკითხზე იყო მსჯელობა. ვწუხვარ, რომ ოპოზიციონერი კოლეგებიდან ყველა არ იყო წარმოდგენილი, როცა პოლარიზაციაზე არის საუბარი, ეს ჩვენს გუნდს ნამდვილად არ ეხება, პოლარიზაციის წყარო პარტია "საქართველოსთვის" ნამდვილად არ არის", - თქვა მან.

სანდრო რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ პირველი ნაბიჯი საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა იყოს.

„მშვიდად ვილაპარაკეთ, გავცვალეთ შეხედულებები. ჩემთვის, მაგალითად, ყველაზე კარგი ნაბიჯი (დეპოლარიზაციისკენ) იქნებოდა დაგვეწყო კონსტიტუციიდან, მათი პოზიციაა, რომ კონსტიტუცია ბოლოში. ერთადერთი, რაც საერთო იყო, ეს იყო ის, რომ ყველა ვთანხმდებით, თუ პროცესი სწორად მიდის, კანონებს ვიღებთ, თანამშრომლობის პროცესი ეფექტიანია, ერთმანეთს ვუსმენთ, ამან შეიძლება დაწიოს პოლარიზაცია და ეს პრობლემა მოგვარდება ასე. მე ასე ვხედავ, რომ თუ პროცესი წავიდა და ეს არ იქნება მხოლოდ ლაპარაკი, პოლარიზაციის პრობლემა მოიხსნება. ჩვენ არ ვართ ვალდებული, გვიყვარდეს ერთმანეთი, მაგრამ შეგვიძლია თანამშრომლობა. როცა კანონპროექტებზე მუშაობა დაიწყება, ეს უნდა იყოს ძალიან კონსტრუქციული და არ უნდა იყოს ფორმალისტური, როცა ვიღაცამ ვიღაც ზოგადი არგუმენტებით მოიშორა", - აღნიშნა რაქვიაშვილმა.

ლევან იოსელიანმა თქვა, რომ ოპოზიციის პასუხისმგებლობა არის პროცესში მონაწილეობა.

„სიტყვასიტყვით გეტყვით, რაც თქვა ბატონმა შალვა პაპუაშვილმა, რომ დღეს ჩვენ ყველა გვაკვირდება გამადიდებელი შუშით და ჩვენ მზად ვართ ის საკითხები, რაც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი, მაგალითად, სასამართლოსთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ამ საკითხებში ვითანამშრომლოთ და კონკრეტულ გადაწყვეტილებებამდე მივიდეთ, რომ მოგვარდეს ეს საკითხები, რათა საბოლოო ჯამში მივიღოთ შედეგი და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს არის, რაც მოვისმინე სამივე მათგანისგან და მართლაც ასეა. ყველას აკვირდებიან გამადიდებელი შუშით. არა მარტო ხელისუფლებას, ოპოზიციასაც. ოპოზიციის პასუხისმგებლობა ისაა, რომ ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა. ვერავინ მოსთხოვს ოპოზიციას, რომ მან 12 პუნქტი შეასრულოს", - იოსელიანის კომენტარს „პირველი არხი" ავრცელებს.

შეხვედრაში მონაწილეობდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. დეპუტატი ამბობს, რომ „ქართული ოცნება" მზად არის ოპოზიციასთან კომუნიკაციისთვის.

„ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ თანამშრომლობაზე გადასვლა და ეს ვერ შედგება, თუ ჩვენ გამუდმებით ვიქნებით იმ რეჟიმში, რომ ერთმანეთის მიმართ ვიყოთ გამუდმებული რიტორიკის, აგრესიის რეჟიმში. ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს რიტორიკა შეიცვალოს, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, რომ ჩვენ გვქონდეს კომუნიკაცია ერთმანეთთან. კრიტიკა უნდა იყოს კონსტრუქციული და არა აგრესიული", - თქვა დეპუტატმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გააკრიტიკა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

„ნაციონალურ მოძრაობას“ ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გადავიდა ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების ბოიკოტირების რეჟიმში. ეს ხალხი რეალურად ევროპულ პერსპექტივას უცხადებს ბოიკოტს, რაც ჩვენთვის ახალი არაა. მაგრამ თუ ისინი ამ პროცესში იქნებიან ჩართული, კი ბატონო, ვაკრიტიკოთ ერთმანეთი, მაგრამ ეს იყოს რაღაც ჩარჩოში“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

მმართველი პარტია მზადაა განახორციელოს საკონსტიტუციო ცვლილებები და 2024 წლისა და ყველა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი 5 პროცენტიდან 2 პროცენტამდე დაწიოს, თუ ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამის შესახებ მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დეკემბერში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად, 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება. ამ პოლიტიკურ ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე", - აღნიშნა კობახიძემ.

მან მედიას უთხრა, რომ საარჩევნო ბარიერი არ არის ევროკავშირის მიერ დაყენებულ 12 პირობას შორის და ამიტომ არ გეგმავენ მისი დაწევის კონსტიტუციური ცვლილების განხორციელებას მანამ, სანამ არ იქნება მიღებული ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ.

საქართველოს პარლამენტმა, რომლის უმრავლესობაშიც "ქართული ოცნებაა", არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით 2021 წლის 7 სექტემბერს მიიღო. ამ დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნები 2-პროცენტიანი ბარიერით უნდა ჩატარებულიყო. ამავე დოკუმენტის თანახმად, უმჯობესდებოდა საპარლამენტო ოპოზიციის მდგომარეობა - ფრაქციის შექმნას შეძლებდა ოთხი დეპუტატიც - დღეს ამისთვის შვიდი დეპუტატია საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG