Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი აცხადებს, რომ საუდის არაბეთი მნიშვნელოვანია რუსეთთან დაპირისპირებაში


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთში მისი მოგზაურობა მნიშვნელოვანია რუსეთთან და ჩინეთთან დაპირისპირებაში. ბაიდენმა თავისი ვიზიტის კრიტიკოსებს გამოცემა The Washington Post-ში უპასუხა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის ენერგორესურსები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც რუსული ნედლეულის ალტერნატივა.

"ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ რუსულ აგრესიას, საუკეთესო პოზიცია დავიკავოთ ჩინეთთან კონკურენციაში გამარჯვებისთვის და ასევე ვიმუშაოთ სტაბილურობის განმტკიცებისთვის მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში. ამისათვის საჭიროა უშუალოდ იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებსაც ასეთი მუშაობის შედეგებზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. საუდის არაბეთი ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა", - წერს ბაიდენი.

Washington Post-ში სტატია ამერიკის პრეზიდენტის ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის წინა დღეს გამოქვეყნდა. ბაიდენი ისრაელში 13 ივლისს ჩავა, მეორე დღეს პალესტინის ხელისუფლებას ეწვევა, შემდეგ კი ერ-რიადში გაემგზავრება.

შეხვედრა გაიმართება ტახტის მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის მონაწილეობით, რომელსაც შეერთებული შტატები ადანაშაულებს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში მონაწილეობაში. ჟურნალისტის მკვლელობის გამო, შეერთებულმა შტატებმა საუდის არაბეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

ერ-რიადი უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა საუდის არაბეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობის დამყარება გადაწყვიტა. ივნისში CNN-ი იტყობინებოდა, რომ ბაიდენმა საუდის არაბეთთან დაახლოება რუსეთის ენერგორესურსებზე დასავლეთის შეზღუდვების შედეგად ნავთობის ფასების ზრდის გამო გადაწყვიტა. ნავთობის მაღალი ფასები იწვევს ბენზინის ღირებულების ზრდას და ეს აჩქარებს ინფლაციას შეერთებულ შტატებში შემოდგომაზე კონგრესის მომავალი არჩევნების ფონზე.

XS
SM
MD
LG