Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველმა დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა გიგი გიგიაძის საქმეზე


გიგი გიგიაძე
გიგი გიგიაძე

სახალხო დამცველმა დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა უმაღლესი რანგის კარიერული დიპლომატის, გიგი გიგიაძის საქმეზე. ომბუდსმენის ოფისი ამ შემთხვევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” იურისტების მიმართვის საფუძველზე სწავლობდა. დასკვნაში, რომელიც 5 ივლისით თარიღდება, მითითებულია, რომ გიგიაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი განსხვავებული შეხედულების გამო გახდა.

გიგი გიგიაძე 24-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე უმაღლესი რანგის კარიერული დიპლომატია. ბოლოს ის დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მსახურობდა.

მას შემდეგ, რაც 2020 წლის 7 ოქტომბერს პირად ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსით საჯარო სოლიდარობა გამოუცხადა ე.წ. “კარტოგრაფების საქმის” ერთ-ერთ ფიგურანტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ივერი მელაშვილს, მას დიპლომატიური სამსახურის ვადა აღარ გაუგრძელეს და რეზერვში ჩარიცხვიდან 13 თვის განმავლობაში, აღარც ახალი სამსახური შესთავაზეს, სამინისტროში არსებული ათობით ვაკანსიის მიუხედავად.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია- დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო,
თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება“. 2020 წლის 7 ოქტომბერს გიგიაძის ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსი.

გიგიაძის მიერ "კარტოგრაფების საქმის" ბრალდებულისადმი გამოხატული საჯარო მხარდაჭერის შემდეგ, მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და დღეს საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ზალკალიანმა თქვა, რომ "მისთვის სიურპრიზი იყო გიგი გიგიაძის კომენტარი" და აჯობებდა, ელჩს ამ საკითხზე სამინისტროსთან ჰქონოდა კომუნიკაცია, კომენტარის გაკეთებამდე.

ზალკალიანის გარდა, გიგი გიგიაძის მიერ ივერი მელაშვილისადმი გამოხატული სოლიდარობა მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისთვისაც. მან ელჩი "დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტების უხეშ დარღვევაში“ დაადანაშაულა.

გიგი გიგიაძე ერთადერთი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ვინც ღიად და საჯაროდ გამოუცხადა ყოფილ კოლეგას, ივერი მელაშვილს მხარდაჭერა.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ გიგი გიგიაძისთვის დიპლომატიური სამსახურის ვადის გაგრძელებაზე უარი და ასევე არსებულ ვაკანსიებზე მისი კანდიდატურის განუხილველობა, განსხვავებული მოსაზრების გამოთქმის გამო მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას წარმოადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG