Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი ივანიშვილზე: ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია


ფოტო არქივიდან: ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი
ფოტო არქივიდან: ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მის და ყოფილი პრემიერის, მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახებს პერიოდული კომუნიკაცია აქვთ. ივანიშვილს ოპოზიცია ოლიგარქად მოიხსენიებს, ღარიბაშვილი კი ამბობს, რომ ეს "აგორებული კამპანიაა". ამის შესახებ საუბარია ღარიბაშვილის სახელით მის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

"პირველ რიგში, გავიხსენებ, რომ "ქართუ ჯგუფში" ღია კონკურსის გზით მოვხვდი და ბიძინა ივანიშვილიც სწორედ ასე გავიცანი. ბუნებრივია, როგორც "ქართუს" საქველმოქმედო ფონდის დირექტორს, მასთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა. მაშინ დამყარდა მეგობრული ურთიერთობაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახსა და ჩემს ოჯახს შორის, რითაც მთელი ჩემი ოჯახი განსაკუთრებულად ამაყობს. ასევე, განსაკუთრებულად ვამაყობ ბერასთან ჩემი პირადი მეგობრობით. საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამ ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია ერთმანეთთან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ჩემმა მეუღლემ მიიღო რჩევები ბიძინა ივანიშვილის მეუღლისგან გარკვეულ სამედიცინო საკითხთან დაკავშირებით. მსგავსი კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან პერიოდულად მეც რომ მქონდეს, ბუნებრივია, ვერც ამაში იქნება რაიმე დასაძრახი", - წერია განცხადებაში.

ამავე წერილში ღარიბაშვილი ჰყვება, როგორ მოხვდნენ საქართველოს მთავრობაში ის და მისი თანაგუნდელები, რომლებსაც ივანიშვილთან ჰქონდათ კავშირი.

"როდესაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ერთი წამით არ მიყოყმანია... რა თქმა უნდა, ჩემ გარდა, ამ ბრძოლაში "ქართუ ჯგუფის" უამრავი სხვა წარმომადგენელიც ჩაერთო, რომელთა ნაწილი დღესაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის აქტიური წევრია...

ხშირად ყველაფერს ისე წარმოაჩენენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოიგო და გუნდის წევრებს თანამდებობები მოწყალების სახით დაურიგა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება გუნდის ნებისმიერი სხვა წევრის დამსახურებას ერთიორად აღემატებოდა, მაგრამ ყველას მინდა შევახსენო, რომ ვახტანგ გომელაურმა, ანზორ ჩუბინიძემ და სხვებმა სახელმწიფო სამსახურში საკუთარი წარმატება, პირველ რიგში, სწორედ თავიანთი თავგანწირვისა და პროფესიონალიზმის ხარჯზე შექმნეს", - აღნიშნავს ღარიბაშვილი.

პრემირის თქმით, მან მიიყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროში თავის მოადგილედ ვახტანგ გომელაური, რომელიც ახლა მინისტრის თანამდებობას იკავებს. განცხადებაში იგი განმარტავს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

"როდესაც მთავრობისთვის კადრებს არჩევ, ბუნებრივია, უცხო ხალხს ვერ მიიყვან და პირველ რიგში იმ ადამიანებს ეყრდნობი, რომლებმაც შენთან ერთად უმძიმესი ბრძოლა გამოიარეს და თავის საქმეს მაღალი პროფესიონალიზმით გაართვეს თავი".

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ ივანიშვილის მიმართ მმართველ პარტიაში განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობს და ამის მიზეზსაც ხსნის:

"ამის მიზეზი მხოლოდ ის არაა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამფუძნებელია. მან 2011 წელს ქვეყნისთვის თავი გადადო და საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, პოლიტიკიდან გასვლისას კი, სახელმწიფოს სამართავად სწორი ღირებულებები და თამაშის წესები დაგვიტოვა...

ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ ამ თამაშის წესებთან სრულიად შეუთავსებელია ყალბი ბრალდება ოლიგარქიული მმართველობის შესახებ, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლებას უყენებენ".

ივანიშვილთან დაკავშირებული ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნისა და მის მიმართ კეთილგანწყობის მიუხედავად, ღარიბაშვილი ამბობს, რომ იგი ოლიგარქი არ არის, რადგან არ მონაწილეობს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

"როდესაც ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტები დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, ბუნებრივია, ეს ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია... როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია და სინამდვილეში იმ ადამიანისგან იმართება, რომელმაც გასული წლის იანვარში პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს", - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისი თქმით, თავდაცვის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებს ივანიშვილი არც კი შეხვედრია და იცნობს. მისივე განმარტებით, ის საპარლამენტო გუნდის ლიდერების დიდ ნაწილს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო არჩევნების წინ, მათი წარდგენის დღეს შეხვდა.

"ასეთ დროს, საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობასა და პარლამენტს მართავს და აკონტროლებს, სრული ფარსი და აბსურდია", - ამბობს ღარიბაშვილი.

პრემიერის თქმით, მაშინ, როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრები გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი ივანიშვილის ჩარევას მათ საქმიანობაში უარყოფენ, შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ იგი მხოლოდ საკვანძო გადაწყვეტილებებში იღებდა მონაწილეობას.

"დღევანდელ მოცემულობაში, ასეთი საკვანძო გადაწყვეტილებები მხოლოდ ორი შეიძლება იყოს: რუსეთისთვის სანქციების არდაწესება და ომში ქვეყნის არჩართვა", - ამბობს ღარიბაშვილი და დასძენს, რომ "ამ საკითხთან დაკავშირებით არავის რჩევა და კარნახი არ გვჭირდება".

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია. მათ შორისაა, პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი ოლიგარქია და მისი სახელი და გვარია ბიძინა ივანიშვილი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოლიგარქები ოპოზიციის ლიდერებს შორის არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG