Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკანონო მოსმენების საქმეზე 10 ჟურნალისტის საჩივარი ევროსასამართლოში გაიგზავნა


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობა

სხვადასხვა მედიასაშუალების 10 ჟურნალისტის სახელით, უკანონო მოსმენების საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა. ჟურნალისტებს სამართლებრივ დახმარებას "მედიაომბუდსმენი" უწევს. საქმე ეხება გასული წლის 1 აგვისტოსა და 13 სექტემბერს მედიასაშუალებებით გავრცელებულ ე.წ. სუსის ფაილებს.

"დაახლოებით 58 000-მდე ფაილში ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაციაა. ჩანაწერების ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, ჟურნალისტებმაც დაადასტურეს", - აცხადებს "მედიაომბუდსმენი".

საჩივარი გაიგზავნა ჟურნალისტების: გიორგი მგელაძის (რადიო თავისუფლება), ნინო ჟიჟილაშვილის ("ფორმულა"), სოფია მაისურაძის ("ფორმულა"), გიორგი დარჩიაშვილის ("ფორმულა"), ნინო ბიძინაშვილის ("ნეტგაზეთი"), ინგა გრიგოლიას ("TV პირველი"), ნოდარ მელაძის ("TV პირველი"), თამთა დოლენჯაშვილის ("TV პირველი"), თამარ ჩიხლაძის ("ფორმულა") და გელა ბოჩიკაშვილის (რადიო თავისუფლება) სახელით.

ყველა მათგანი სთხოვდა თბილისის პროკურატურას, მიენიჭებინა დაზარალებულის სტატუსი, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

"სამწუხაროდ, საქართველოში სასამართლო ხელისუფლებამაც უარი თქვა ჟურნალისტებს უფლებების დაცვის გარანტიების შექმნაზე - დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარით მედიის წარმომადგენლებს საგამოძიებო პროცესში უფრო ეფექტიანად ჩართვის შესაძლებლობა არ მისცა", - აცხადებს "მედიაომბუდსმენი".

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საქმის წარმატებული წარმოება მედიის უფლებების დაცვის საქმეში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს და გახდება წინაპირობა, შეიქმნას ძლიერი გარანტიები ფარული მოსმენა-მიყურადებისგან დაცვის კუთხით, გამყარდეს ჟურნალისტების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის ხარისხი და ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალურობის სტანდარტი.

"საჩივრის საფუძვლები ევროპარლამენტის 2022 წლის 09 ივნისის რეზოლუციაშიც არის მითითებული, სადაც სხვა მოთხოვნათა შორის, პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება მოსმენების საქმესთან დაკავშირებით, დანერგოს სათანადო საკანონმდებლო მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების პროცესის გაუმჯობესებისთვის", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

გასულ წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მედიასაშუალებებს ანონიმურმა წყარომ გაუგზავნა ვებგვერდის ლინკი, რომლითაც მათ მისცა წვდომა ასეულობით ფაილზე, რომლებიც ეხებოდა სასულიერო პირების პირად ცხოვრებასა თუ კომუნიკაციას. ამ ჩანაწერების ნაწილი ასახავდა მათ საუბარს ჟურნალისტებთან. ჟურნალისტების ნაწილი ამბობს, რომ აღნიშნული კომუნიკაცია ამ ფაილებში სრული სიზუსტით არის ასახული.

XS
SM
MD
LG