Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა "უცხოელი აგენტების შესახებ" ახალ კანონს მოაწერა ხელი


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც არეგულირებს რუსეთში ე.წ. უცხოელი აგენტების სტატუსს. ახლა, ამ სტატუსის მისაცემად, არ არის აუცილებელი უცხოელებისგან დაფინანსების მიღება, საკმარისია "უცხოეთის გავლენის ქვეშ ყოფნაც". ახალი წესები ძალაში 1 დეკემბერს შევა.

უცხოელი აგენტის სტატუსის მქონე ადამიანებსა და ორგანიზაციებს აეკრძალებათ საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება, არასრულწლოვანებს შორის საგანმანათლებლო მუშაობის წარმართვა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის სახელმწიფო დაფინანსების მიღება. მათ არ ექნებათ უფლება, საჯარო საზედამხედველო კომისიებში წარადგინონ კანდიდატები ან თავად გახდნენ საარჩევნო კომისიების წევრები. ისინი ვერ შეძლებენ საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზებასაც.

რუსეთის კანონმდებლობა ე.წ. უცხოეთის აგენტის შესახებ 2012 წელს მიიღეს და მას მერე ის რამდენჯერმე განახლდა.

ამ კანონმდებლობით, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დახმარებას და რომლებიც, მთავრობის აზრით, პოლიტიკურ საქმიანობაში არიან ჩართული, რეგისტრაციაში უნდა გატარდნენ, როგორც „უცხოეთის აგენტები“ და აუდიტი გაიარონ.

კანონი საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, აგენტად აღიაროს ნებისმიერი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელმაც მიიღო ფული საზღვარგარეთიდან და ატარებს, ხელისუფლების თვალსაზრისით, პოლიტიკურ საქმიანობას. ასეთი საქმიანობის კრიტერიუმები კანონში განსაზღვრული არ არის, რაც საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, სიაში შეიტანოს თითქმის ყველა არასასურველი ორგანიზაცია.

ივნისის შუა რიცხვებში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "კანონი აგენტების შესახებ" აღიარა, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა. სასამართლომ რუსეთს კომპენსაციის გადახდა დაავალა თითოეული იმ 73 არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომლებმაც ECHR-ს ცხრა წლის წინ მიმართეს. რუსეთმა განაცხადა, რომ ამ თანხას არ გადაიხდის.

XS
SM
MD
LG