Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს და კვლავ გაათავისუფლეს ყოფილი ტელერედაქტორი მარინა ოვსიანნიკოვა


რუსეთის ტელეკომპანია „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანნიკოვა, რომელმაც მარტში ომის საწინააღმდეგო აქცია მოაწყო პროგრამა „ვრემიას“ პირდაპირ ეთერში, პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ იტყობინება მისი Telegram-ის არხი, სადაც გამოქვენებულია ფოტო, რომლის მიხედვით, ოვსიანნიკოვა, როგორც ჩანს, ველოსიპედით სეირნობდა მოსკოვის ოლქში, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

მარინა ოვსიანნიკოვას ადგილსამყოფელი დიდხანს უცნობი იყო. უცნობი იყო ასევე დაკავების მიზეზები. ადგილობრივი დროით შუაღამისთვის გავრცელდა ცნობა, რომ ოვსიანნიკოვა მილიციის განყოფილებიდან გაუშვეს ოქმით შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მუხლთან დაკავშირებით. ამის შესახებ განაცხადა OVD-Info-ს ადვოკატმა დმიტრი ზახვატოვმა, რომელიც იცავდა ოვსიანნიკოვას უფლებებს.

ოვსიანნიკოვას დაკავებისა და ოქმის შედგენის საბაბი გახდა მისი გამოსვლა ბასმანის სასამართლოს წინ იმ დღეს, როცა ოპოზიციონერ პოლიტიკოს ილია იაშინს აღმკვეთი ზომა გამოუცხადეს.

ორი დღის წინ ოვსიანნიკოვამ ერთკაციანი პიკეტი მოაწყო კრემლის ფონზე პლაკატით, რომელზეც ეწერა „პუტინი მკვლელია“. პლაკატზე ეწერა ასევე უკრაინაში ბავშვების სიკვდილის შესახებ. მაშინ ის არ დაუკავებიათ.

„პირველი არხიდან“ დათხოვნის შემდეგ ოვსიანნიკოვამ რამდენიმე თვე გაატარა უცხოეთში, მათ შორის უკრაინაში, და თავის გამოსვლებში არაერთხელ დაგმო ომი, მათ შორის მკვეთრი ფორმით. სამი თვის წინ ის გერმანიის გამოცემა Die Welt-ში გადიოდა სტაჟირებას. ივლისის დამდეგს ოვსიანნიკოვამ რუსეთში დაბრუნების შესახებ გამოაცხადა. მიზნად მან დაასახელა, რომ აპირებს მონაწილეობას სასამართლო პროცესში, რომელშიც მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის ბედი წყდება. ოვსიანნიკოვა იბრძვის იმისთვის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ქალიშვილი ცხოვრობდეს მასთან და არა მის ყოფილ ქმართან, რომელიც Russia Today-ში მუშაობს. რამდენიმე დღის წინ მან გამოცემა Sota-ს უთხრა მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის შესახებ, რომელშიც ოვსიანნიკოვას არმიის დისკრედიტაციაში ედება ბრალი. მას დეტალები არ დაუსახელებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG