Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ ჩატარდება 


პრეზიდენტის მიერ მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ ჩატარდება. გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ 18 ივლისს, ბიუროს სხდომაზე გამართული მსჯელობის შემდეგ მიიღო.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი განმარტავს, ოპოზიციის მიმართვის საფუძველზე მოწვეული რიგგარეშე სხდომა ვერ შედგება, რაკიღა რიგგარეშე სხდომის გასახსნელად საჭიროა პლენარული სხდომის მოწვევა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი არ არსებობს პლენარულ სხდომაზე აუცილებლად განსახილველ საკითხთა დღის წესრიგი, რაც თავის მხრივ, უკვე შეუძლებელს ხდის პლენარული სხდომისა და შედეგად, რიგგარეშე სესიის ჩატარებას:

„იმისთვის, რომ რიგგარეშე სხდომა გაიხსნას, საჭიროა, რომ ჩატარდეს პლენარული სხდომა და პლენარული სხდომით იხსნება რიგგარეშე სესია. პლენარული სხდომისთვის, აუცილებელია, რომ მას ჰქონდეს განსახილველი საკითხების დღის წესრიგი. ამის გარეშე პლენარული სხდომა ვერ დაიწყება. [ოპოზიციის მიერ] განსახილველ საკითხებად წარმოდგენილი ოთხი საკითხიდან, შევთანხმდით, რომ არცერთ საკითხზე არ არსებობს წამყვანი კომიტეტის დასკვნა, არცერთ საკითხს არ აქვს გავლილი საკომიტეტო მოსმენა, შესაბამისად, დღის წესრიგის სხდომაშიც ვერ ჩავსვამთ. შესაბამისად, თქვენ ამით საერთო ჯამში, პრეზიდენტიც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეთ, ვინაიდან ფაქტი და კაზუსი მდგომარეობს იმაში, რომ დანიშნულია სესია, რომლის გახსნასაც სჭირდება პლენარული სხდომა, ხოლო პლენარულ სხდომას სჭირდება დღის წესრიგი. ხოლო ის საკითხები, რომლებიც თქვენ დააყენეთ, ვერ მოხვდება ამ დღის წესრიგში. სამწუხაროდ, თქვენ პრეზიდენტიც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეთ ამ მხრივ, ვინაიდან ერთი მხრივ, რიგგარეშე სხდომა დანიშნულია, მაგრამ ეს სხდომა ვერ შედგება, რადგან დღის წესრიგი არ აქვს“.

13 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოსაწვევად მიმართეს ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ და ექვსმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა. მათ მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების მიხედვით, ისინი ითვალისწინებენ პასუხისმგებლობას, რაც საქართველოს მოქალაქეებმა, ევროკავშირმა და ევროკომისიამ დააკისრეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად და პრეზიდენტს მიმართეს, პარლამენტის რიგგარეშე სესია მოეწვია 2022 წლის 18 ივლისიდან.

ინიციატორი ოპოზიციონერი დეპუტატების თანახმად, რიგგარეშე სესიის დღის წესრიგში შემდეგი საკითხები უნდა განხილულიყო:

1. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/92);

2. „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი (რეგისტრაციის #07-3/71);

3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/96);

4. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/106).

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის შესახებ განკარგულება პარლამენტს 15 ივლისს გადაუგზავნა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ რიგგარეშე სესიის მოწვევა იქნებოდა დეპოლარიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი:

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარლამენტმა უნდა იმუშაოს ყველა ფორმატში. როგორც ოპოზიციამ უნდა მიიღოს სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, ასევე უმრავლესობამ უნდა განაცხადოს თანხმობა რიგგარეშე სესიის მოწვევაზე. მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება დეპოლარიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ეს იქნება ნაბიჯი იმისკენ, რომ დროულად დასრულდეს მუშაობა იმ 12 პუნქტზე, რომელიც ევროკავშირმა წარმოგვიდგინა შესასრულებლად“.

ბიუროს სხდომამდე, პარლამენტში ბრიფინგი გამართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ. მან განაცხადა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ არ აპირებს რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ „პარალელურ, მოგონილ საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებით უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას“.

"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების გეგმა 1 ივლისს გამოაქვეყნა და ბოლო დღეებია პარლამენტში მართავს შესაბამისი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს, რომლებსაც ესწრება ოპოზიციის წარმომადგენელთა მხოლოდ ნაწილი, მათ შორის პარტიების, "მოქალაქეების" და "გირჩის" დეპუტატები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG