Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში ანომალიური სიცხეა - ასობით ადამიანი დაიღუპა, მძვინვარებს ტყის ხანძრები


ტყის ხანძარი საფრანგეთში
ტყის ხანძარი საფრანგეთში

ევროპის ქვეყნებში სარეკორდოდ დიდი სიცხე ფიქსირდება, იწვის ასობით ათასი ჰექტარი მცენარეული. სიცხისა და ხანძრებისგან იღუპებიან ადამიანები და ცხოველები, ათიათასობით იძულებულია, სახლები დატოვოს. მეცნიერები სიცხის ანომალიურ ტალღას კლიმატის გლობალურ დათბობას უკავშირებენ.

„კლიმატის ცვლილება კლავს: ის კლავს ადამიანებს, ჩვენს ეკოსისტემას, ჩვენს ბიომრავალფეროვნებას. ის ანადგურებს იმას, რაც ჩვენთვის ყველაზე უფრო ძვირფასია - ჩვენს სახლებს, ჩვენს ბიზნესს, ჩვენს პირუტყვს,“ თქვა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაზარალებულ რაიონში მოგზაურობისას.

ესპანეთში ათ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ადიოდა ტემპერატურა 40°C-ზე მაღლა. ქვეყანაში გაჩნდა ოცდაათზე მეტი ტყის ხანძარი, რომლებმაც მთლიანობაში 30 ათასი ჰექტარი მოიცვა. ხანძრების გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული. ესპანეთსა და მეზობელ პორტუგალიაში სიცხეების გამო შვიდასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

პორტუგალიაში, სადაც გასულ კვირაში ჰაერის ტემპერატურამ 47°C-ს მიაღწია, ხანძრებმა გაანადგურებს მინიმუმ 12 ათასი ჰექტარი მცენარეული საფარი. ორშაბათს აგრილების წყალობით ქვეყნის ჩრდილოეთში მოხერხდა ხანძრების ჩაქრობა.

საფრანგეთში ტემპერატურის სარეკორდო მაჩვენებლები აღინიშნა ათეულობით ქალაქში. ძლიერი ცხელი ქარი ჯერაც ართულებს ხანძრების ჩაქრობას ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში. საფრანგეთში 32 ათას ჰექტარზე დაიწვა მცენარეული საფარი, ამასთან მესამედზე მეტი - უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში. ჟირონდის დეპარტამენტში 1700-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს კონტროლს დაუქვემდებაროს ცეცხლი, რომელიც პლაჟებსა და ძვირფას ვენახებს მიუახლოვდა. მარტო ჟირონდაში უკანასკნელი დღეების განმავლობაში საკუთარი სახლები და დასასვენებელი ადგილები დატოვა 32 ათასზე მეტმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა და ტურისტმა.

დიდ ბრიტანეთში სამშაბათს 41°C-ს მოელიან. სიცხის გამო დნება ასაფრენი ბილიკები, „რკინიგზის რელსებმა შეიძლება დეფორმაცია განიცადოს,“ აცხადებენ რკინიგზის ოპერატორები. ირლანდიაში მოიხსნა 1887 წლის რეკორდი: დუბლინში ტემპერატურამ 33°C-ს მიაღწია. ასევე ანომალიური სიცხეა მოსალოდნელი ბელგიასა და ნიდერლანდში.

კლიმატოლოგები მიიჩნევენ, რომ სიცხის ტალღები უფრო ინტენსიური, უფრო ხშირი და უფრო ხანგრძლივი ხდება კლიმატის ცვლილების გამო. გვალვასთან კომბინაციაში ეს ხელს უშლის ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლას. მეცნიერები გამოთქვამენ შიშს, რომ კლიმატის დათბობის გამო ამინდი უფრო ექსტრემალური გახდება, ტყის ხანძრები კი - უფრო ხშირი და დამანგრეველი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG