სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილ უფასო სასადილოებში (ერთიანი სურათი) საკვების მიწოდების სერვისი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები არადამაკმაყოფილებელია. ეს არის სახალხო დამცველის დასკვნა ქვეყნის 25 მუნიციპალიტეტში 59 უფასო სასადილოს შემოწმების შემდეგ.
"იდენტიფიცირებული გამოწვევები ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს უფასო სასადილოებით მომსახურების მინიმალური სტანდარტების შემუშავება და დამტკიცება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება სერვისის მართვასთან, მენიუს კალორაჟთან, კვების ხარისხთან, უსაფრთხოებასთან, სანიტარულ-ჰიგიენურ მოთხოვნებთან, კვების ბლოკების კეთილმოწყობა-აღჭურვასთან, ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებული და სხვა რელევანტური საკითხები", - წერია კვლევაში.
კვლევის დროს გამოვლენილი მიგნენები:
- უფასო სასადილოები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშია, რაც მნიშვნელოვანია ბენეფიციარების დასაკმაყოფილებლად;
- საკვები მენიუს შედგენაში არ არიან ჩართული შესაბამისი სპეციალისტები. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კვების მენიუს ადგენს ბუღალტერი და არა შესაბამისი დარგის სპეციალისტი;
- მენიუში გათვალისწინებული არ არის სადილის ენერგეტიკული ღირებულება, ბენეფიციართა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური მრწამსი;
- ზოგიერთ დაწესებულებაში საკვების მიწოდების სერვისი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები პასუხობს მინიმალურ მოთხოვნებს, თუმცა, ერთიანი სურათი არადამაკმაყოფილებელია;
- ქვეყანაში არ არსებობს უფასო სასადილოს სერვისის მართვის და მიწოდების ერთიანი სტანდარტი - არ არის დადგენილი გასაცემი საკვების ოდენობა და კალორაჟი. ასევე, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის კუთხით სავალდებულო მოთხოვნები;
- უმრავლეს შემთხვევაში, მენიუ მთელი წლის განმავლობაში არ იცვლება;
- გამოყოფილი თანხა მცირეა, განსაკუთრებით თბილისში (1,3 ლარი ერთ ბენეფიციარზე დღეში) - სხვა რეგიონში შედარებით მეტია (მაგალითად, ბორჯომში - 2,47 ლარია, ქუთაისში - 2,5 ლარი, ახალციხეში - 2,05 ლარი, სამტრედიაში - 2,2 ლარი, თელავში - 2,65);
- თბილისის სასადილოებში კონკრეტულ დღეებში, როდესაც მენიუში მხოლოდ წვნიანებია (ბარდის წვნიანი, ლობიოს წვნიანი, ვეგეტარიანული ბორში) ბენეფიციარებს სასადილოდან გააქვთ მხოლოდ პური. ეს შეიძლება აიხსნას, როგორც ბენეფიციართა მიერ საკვების გემოვნური თვისებების დაწუნებით, ასევე, კალორაჟის სიმცირით. მენიუში კვირის განმავლობაში მხოლოდ ორი დღეა გათვალისწინებული ნოყიერი კერძი ხორცით, შესაბამისად ბენეფიციარების მოთხოვნა ამ დღეებში უფრო იზრდება;
- ზოგიერთ შემთხვევაში სასადილოები რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული ბოლო ბენეფიციარის სახლებს (მაგალითად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ყველაზე შორს მდებარე სოფელში მცხოვრებ ბენეფიციარს დაახლოებით 30 კმ-ს გავლა უწევს ყოველდღიურად, ხოლო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მცხოვრებს - 15 კმ-ის);
- დაწესებულებათა უმრავლესობა არ აკმაყოფილებს უნივერსალურ სტანდარტებს. ობიექტებში არ არის დამონტაჟებული ლიფტები, ზოგიერთ შესასვლელში არ არის პანდუსი და შენობაში შეღწევა მხოლოდ კიბეებითაა შესაძლებელი.