Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუნებრივია, რომ საქართველოში სიყვარული არ გამოხატონ მათ მიმართ, ვინც იბრძოლეს და იბრძოლებენ ჩვენ წინააღმდეგ - ლომჯარია


ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი
ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში რუსეთის ხელისუფლებისა და მოქალაქეების მიმართ მოსახლეობა სიყვარულს არ გამოხატავს. მისი თქმით, თუ მმართველი პარტიის ლიდერები მოქალაქეების ამ განწყობაში ქსენოფობიის ნიშნებს ხედავენ, მიმართვის შემთხვევაში მზად არიან საკითხი შეისწავლონ და "არაპოპულარული" დასკვნაც დადონ. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ამ წუთას რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიის მტკიცებულებები მათ არ აქვთ.

"8 აგვისტო მოდის, ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რომ იქ, სადაც 300 ათასზე მეტი დევნილია და ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად ბოლო ათწლეულებში და რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა და თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს - უკრაინას, ცოტა არ იყოს მიკვირს, რატომ უკვირთ მმართველი პარტიიდან პოლიტიკოსებს, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ ან მომავალში, როცა მათი ხელისუფლება დაუძახებს, იბრძოლონ. ეს ძალიან ბუნებრივია, რომ მოქალაქეებმა სიყვარული არ გამოხატონ", - თქვა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიას ამ კომენტარს წინ უსწრებდა მმართველი პარტიის ოფისში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგი. მან თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიის გაღვივების მიზანია ქვეყანის ომში ჩარვთა.

"რასაც პირდაპირი ფორმით ვერ მიაღწიეს, ახლა იმის მიღწევას ირიბი გზით, ქსენოფობიური კამპანიით ცდილობენ. მათი გათვლა მარტივია. ქსენოფობიური კამპანიით უნდა გაღვივდეს აგრესია რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რამაც უნდა გამოიწვიოს ესკალაცია და ინციდენტები. რაც ემსახურება ერთადერთ მიზანს, საქართველო რამენაირად ჩართონ სამხედრო კონფლიქტში", - თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს სახალხო დამცველი შერჩევით მიდგომებში დაადანაშაულა - მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში შოვინიზმისა და ქსენოფობიის კამპანია ღვივდება, ის "პირველივე წამებში უნდა გამოეხმაუროს".

"ეს ადამიანი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში და უფრო მეტიც, ის იყო იმ კამპანიაში ჩართული, რომელის ფარგლებშიც მოხდა მთავრობის გადაყენების მოთხოვნის წამოყენება... ცდილობს პოლიტიკოსობას", - თქვა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს სახალხო დამცველმა მმართველი პარტიის თავმჯდომარის ეს განცხადება მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად შეაფასა.

"ჩემთვის გაუგებარი და აუხსნელია, თუ რატომ არის ასეთი კონცენტრაცია სახალხო დამცველის პერსონაზე, რატომ ცდილობენ თავდასხმებით მის დისკრედიტაციას?! რა თქმა უნდა, თუ ფიქრობენ, რომ სახალხო დამცველს რეიტინგი არ აქვს, მათ ვეტყოდი, რომ ეს კამპანია სახალხო დამცველის რეიტინგის გაზრდას ემსახურება. მათ ადგილზე, ასეთ თავდასხმას არ ვაწარმოებდი, ვფიქრობ, მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველს, მის რეიტინგს ზრდის. სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ინსტიტუტია და არცერთი პოლიტიკოსის შესაფასებელი და მისათითებელი არ არის, როდის რას და როგორ ვიტყვი", - თქვა ნინო ლომჯარიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG