Accessibility links

site logo site logo

გოგაშვილის ინფორმაციით, მასზე ზეწოლის საქმეზე ივანიშვილის დავალებით მტკიცებულებებს შლიან


სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნის სახელით ფეისბუკზე მორიგი პოსტი ქვეყნდება, რომელშიც საუბარია, რომ მასზე (სოსო გოგაშვილზე) ზეწოლის დასამტკიცებელი საჭირო მტკიცებულებები მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით იშლება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს კომუნიკაცია მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან აქვს.

"აბა როგორ ხართ ბიჭებო, რა ცხვირ-პირი ჩამოგტირით! ეს ჩემი დავალებით მოხდა, თქვენ არაფერს არ გაბრალებთ, ხარვეზებს მე თვითონ გავასწორებ. შოთაძე რას შვებიან შენები, ხომ მუშაობენ პენიტენციურის ბიჭებთან ერთიანი ჩვენებების დასალაგებლად? რამე არ აურიონ...

მოიცა, კაცო, ყველა არ წაშალოთ, ერთი დღის დატოვეთ. დიახ, საშხაპეში გადაიყვანეს, რა არის ამაში უკანონო. გრიგოლ, ტელეფონის ანძებზე რა ხდება? ხო მუშაობენ, რომ არ დაფიქსირდეს რუსთავსა და თბილისში ანძები?" - გოგაშვილის პოსტის მიხედვით, ამას ბიძინა ივანიშვილი ამბობს.

ამავე პოსტის მიხედვით, ივანიშვილი იუსტიციის მინისტრ ბრეგაძეს ავალებს, გოგაშვილთან შაბათ დღეს ოჯახის წევრების შეყვანის გამო ციხის რამდენიმე თანამშრომელი "დასაჯოს", დანაშაული საკუთარ თავზე ააღებინოს და სანაცვლოდ ფული აჩუქონ.

"გრიგოლ [ლილუაშვილი], მოკლედ, აგერაა კობახიძეც და მედიასთან და პარტიასთან კოორდინაციით დაიწყეთ შავი კამპანია", - წერია პოსტში.

11 აგვისტოს სოსო გოგაშვილის სახელით კიდევ ერთი მიმართვა გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლების მხრიდან მისი ოჯახის მიმართ მუქარაზე იყო საუბარი, მიზანი კი სასურველი ჩვენების მიღება იყო. გოგაშვილის ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე ამბობდა, რომ რადგან მიზანი ოჯახზე მუქარაც იყო, ბრალდებულს, აკრძალვის მიუხედავად, მასთან შეხვედრის უფლება მისცეს.

"ნამდვილად შედგა გოგაშვილის შეხვედრა მის ოჯახის წევრებთან, მისივე თხოვნით და კანონმდებლობის სრული დაცვით. ცნობილია, რომ ამ გამოძიების მასალებს გრიფით "საიდუმლო" ადევს და მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ოჯახის წევრებთან შეხვედრა იყო კანონმდებლობის სრული დაცვით", - თქვა ამ საკითხზე საუბრის დროს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 12 აგვისტოს.

სახელმწიფო უწყების არცერთ წარმომადგენელს ამ დრომდე არ დაუდასტურებია გოგაშვილის მიერ დასახელებული ბრალდებები. ადვოკატები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციის დასადასტურებლად ისინი ამოიღებენ გადამცემი ანძების ჩანაწერებს, სადაც ეს ინფორმაცია უნდა იყოს შენახული.

გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

გოგაშვილმა დაკავებამდე ფეისბუკზე დაწერა, რომ ფლობდა ინფორმაციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. მის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით და მათი გადამოწმებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა "სამართლიანმა არჩევნებმა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" კვლევა გამოაქვეყნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG