Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ უკანონოდ ცნო გახარიას პარტიის წევრის სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევა


ირაკლი კაჭარავა, რომლის სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის გადაწყვეტილებაც სასამართლომ გააუქმა
ირაკლი კაჭარავა, რომლის სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის გადაწყვეტილებაც სასამართლომ გააუქმა

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე არ ჰყავს - სენაკის რაიონულმა სასამართლომ ამავე ქალაქის საკრებულოს ის გადაწყვეტილება გააბათილა, რომლითაც თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას თანაგუნდელი ირაკლი კაჭარავა აირჩიეს.

როგორც ადვოკატი ნათია ბოკუჩავა ამბობს, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სახელისუფლებო პარტიის, "ქართული ოცნების", სარჩელი და გააუქმა საკრებულოში 19 და 23 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებები. გაუქმებულ შვიდ გადაწყვეტილებას შორის მოხვდა ასევე დროებითი კომისიების არჩევა და გახარიას კიდევ ერთი თანაგუნდელის ადგილმონაცვლედ ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობა.

"სენაკის საკრებულოში პროცესები დაუბრუნდება 9 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას... ყველა ეს საკითხი თავიდან ექნება საკრებულოს განსახილველი", - ამბობს "ქართული ოცნების" ადვოკატი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა სენაკის საკრებულოს ოპოზიცია. ფრაქციის "სენაკი საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ედიშერ ბაღათურია აცხადებს, რომ სენაკი მაგალითია იმის, როგორ ცდილობს "ქართული ოცნება" ძალაუფლების ყველა საშუალებით შენარჩუნებას.

"გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შორს ვართ დამოუკიდებელი სასამართლოსგან და ამ კუთხით ქვეყანას ბევრი სამუშაო აქვს. ამ ყველაფერს მივყავართ ავტოკრატიის ჩამოყალიბებისკენ, როცა მთავრობა ცდილობს ძალაუფლების მთლიანად შენარჩუნებას. ეს მიუთითებს იმასაც, რომ ხელისუფლებას წყალი აქვს უკვე შემდგარი და მათი წუთები დათვლილია“, - განაცხადა ედიშერ ბაღათურიამ.

მის აზრს ეთანხმება ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე ბორის სოსელია. მისი სიტყვებით, "ქართული ოცნება" არ ესწრებოდა საკრებულოს სხდომებს მიზანმიმართულად, რადგან პროცესები სწორედ ასე წარმართულიყო.

სენაკის საკრებულოში "ქართული ოცნების" ფრაქციის წევრი საბა ოდიშარია ამბობს, რომ სასამართლოს მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას ელოდნენ, რადგან კანონში გაწერილი პროცედურები და ნორმები საკრებულოს აშკარად დარღვეული ჰქონდა - გადაწყვეტილებები მიღებული იყო კვორუმის გარეშე.

სენაკის საკრებულოს ოპოზიციას მიაჩნია, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან ბოლო ერთი თვეა, საკრებულო ვერ იკრიბება. იგივე პოზიცია აქვს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც", რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარის ჩასანაცვლებლად დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმება მოითხოვა. სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიცია არ გაიზიარა.

საკრებულოდან ვახტანგ წურწუმიას წასვლის შემდეგ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დეპუტატების რაოდენობა გათანაბრდა. "ქართულ ოცნებას" სენაკის საკრებულოში 16 წევრი ჰყავს. მანამდე ოპოზიცია კი 17 წევრით იყო წარმოდგენილი. მათგან 13 "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო, 4 კი "საქართველოსთვის" დეპუტატი.

პარტია "ქართული ოცნება", რომელიც სენაკის საკრებულოში უმრავლესობაში არ არის, მიიჩნევდა, რომ ოპოზიციამ თავმჯდომარის არჩევისა და კომისიების დამტკიცების დროს არ დაიცვა კანონმდებლობით

გათვალისწინებული წესი - სხდომას დეპუტატთა მინიმალური რაოდენობის, 17 დეპუტატის ნაცვლად, 16 ესწრებოდა. ამიტომ სასამართლოსგან ითხოვდა გაუქმებულიყო ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მიღებაშიც 16 დეპუტატი მონაწილეობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG