Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოცნების" მოთხოვნით COMCOM-მა "მთავარს", "ფორმულას" და "TV პირველს" სანქციები დააკისრა


კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ სახელისუფლებო პარტიის, "ქართული ოცნების" მოთხოვნით, "შინ ევროპისკენ" აქციის კლიპის განთავსებისთვის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ ტელეკომპანიებს: "მთავარ არხს", "ფორმულას" და "TV პირველს" სანქციები დაუწესა. ამით გამართლდა ტელეარხების წარმომადგენლების წინასწარი მოლოდინი.

იმის გამო, რომ "ფორმულასა" და "TV პირველს" იმავე საკითხზე სანქცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ დაჰკისრებიათ, გააფრთხილეს, "მთავარი არხი" კი, რომელსაც ფინანსური კრიზისი აქვს, დააჯარიმეს 118 689 ლარით.

კომუნიკაციების კომისიის სხდომა
კომუნიკაციების კომისიის სხდომა

"მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ მაუწყებლების ეთერში განთავსებული რეკლამის მიზანი, ერთი მხრივ, იყო 24 ივნისს გასამართი მანიფესტაციის რეკლამირება, რომ მასში მაქსიმალურად მეტ მოქალაქეს მიეღო მონაწილეობა, მეორე მხრივ კი, "ქართული ოცნების" და მათი ლიდერების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა.

აღნიშნული ვიდეოკლიპი თავისი შინაარსით წარმოადგენს პოლიტიკური პარტიის ლიდერებზე ინფორმაციას, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის, ემსახურება ამ პოლიტიკური პარტიის და მისი წევრების უარყოფითი აზრის ფორმირებას, მათ დისკრედიტაციას და მათი არჩევის ხელშეშლას. გასათვალისწინებელია, რომ თავად მანიფესტაცია პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი იყო და მასზე ორგანიზატორებმა, რომელიც რეკლამის დამკვეთები არიან, პოლიტიკური მოთხოვნები წამოაყენეს - ეს იყო მთავრობის გადადგომა", - თქვა კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელმა თეა კაველიძემ, რომელმაც მაუწყებლების სანქცირების პროექტი წარადგინა.

კომუნიკაციების კომისიის წევრები და თანამშრომელი
კომუნიკაციების კომისიის წევრები და თანამშრომელი

კომუნიკაციების კომისიის სხდომას მისი ხუთივე წევრი (ივანე მახარაძე, ეკატერინე იმედაძე, ნათია კუკულაძე, ვახტანგ აბაშიძე) ესწრებოდა, მათ შორის - თავმჯდომარე კახა ბექაური, რომელიც "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის დირექტორი იყო წლების განმავლობაში. კომისიის წევრებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

საქმე ეხება ამ სამი არხის ეთერში აქციის, "შინ ევროპისკენ", შესახებ ერთ-ერთი ვიდეორგოლის განთავსებას, რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩანდნენ. "ქართულ ოცნებას" მიაჩნია, რომ ეს მმართველი პარტიის საწინააღმდეგო პოლიტიკური რეკლამა იყო.

"ეს სოციალური რეკლამა არ არის - არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, არ არის მიმართული საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ და არც ქცევის შეცვლისკენ... ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა უმნიშვნელოვანესია, როგორ მოხდება ამის მიწოდება საზოგადოებისთვის - ინფორმირება იმგვარად არ უნდა მოხდეს, რომ გამოიწვიოს რომელიმე პარტიის დისკრედიტაცია და მათი ლიდერების... ეს ვიდეორგოლი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ, თითქოს, პოლიტიკური პარტიის ლიდერების ქმედებები წინააღმდეგობაშია საზოგადოებრივ ინტერესთან და მათ მიერ გაკეთებული განცხადებების "კრებული" უფლებებს არღვევს, რადგან არ ასახავს სრულ პოზიციას", - თქვა პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ნათია ბოკუჩავამ კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე.

საჩივრის არსებითი განხილვის დროს ტელეკომპანიების წარმომადგენლები რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას:

  • ვიდეო, როგორც სოციალური რეკლამა - ტელეკომპანიების წარმომადგენელმა ნანა შამათავამ თქვა, რომ ვიდეორგოლი, რომლის შინაარსიც მმართველმა პარტიამ სადავო გახადა, შეეხებოდა მისი განთავსების მომენტისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხს - საქართველოს ევროინტეგრაციას.

    "იმ მომენტისათვის, 22 ივნისისთვის, როდესაც ეს ვიდეორგოლები მოგვიტანეს, ყველაზე აქტუალური საკითხი იყო, თუ რა გადაწყვეტილება მიიღებოდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენა. ეს ვიდეორგოლები ინფორმაციას გვაწვდიდა გასამართი მანიფესტაციის შესახებ, სადაც საზოგადოებას თავის გაცხადებული ნება უნდა დაეფიქსირებინა", - თქვა ნანა შამათავამ.
  • რატომ არ არის ვიდეორგოლი პოლიტიკური რეკლამა - მაუწყებლები სხდომაზე იშველიებდნენ საარჩევნო კოდექსს, რომელიც განმარტავს, ვინ არიან საარჩევნო სუბიექტები.

    "განმცხადებელი არასწორად წარმოაჩენს და პოლიტიკურ პარტიას აიგივებს საარჩევნო სუბიექტთან - საარჩევნო კოდექსის მიხედვით, "საარჩევნო სუბიექტი" არის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტი. ახლა რა არჩევნებზეა საუბარი, რომელიც ორ წელში მოდის, როგორ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, "ქართული ოცნება" იქნება თუ არა "საარჩევნო სუბიექტი" და ის პირები, ვინც რგოლში ჩანან, შეასრულებენ თუ არა რაიმე როლს ამ პარტიის არჩევა/არარჩევის საკითხში... ამ ვიდეორგოლში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ციტატები გვხვდება, აქ პოზიციონირება ხდება მისი არა როგორც პარტიის სახის, არამედ მაღალი საჯარო პოლიტიკური თანამდებობის პირის", - თქვა იურისტმა ნანა შამათავამ.
  • პოლიტიკოსის მონაწილეობა არ ნიშნავს პოლიტიკურ რეკლამას - გიორგი მშვენიერაძე, რომელიც "TV პირველის" ინტერესებს იცავდა კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე, ამბობდა, რომ პოლიტიკოსის რეკლამაში მონაწილეობა აუცილებლად არ ნიშნავს, რომ რეკლამა პოლიტიკურია.

    "რა ლოგიკასაც "ქართული ოცნება" გვთავაზობს, არის ის, რომ ნებისმიერ მის წარმომადგენელზე, რომელსაც უკავია მაღალი პოლიტიკური თანამდებობა, იქნება კრიტიკა სოციალურ რეკლამაში, ეს პოლიტიკური რეკლამაა... ანუ თუ პრემიერი რომელიმე პარტიის წევრია, არ შეგვიძლია გავაკრიტიკოთ და თუ არ არის პარტიის წევრი, კრიტიკა დასაშვებია?" - იკითხა მან.
  • სოციალური რეკლამა ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკისთვის - მშვენიერაძე ამბობდა, რომ თუკი სამოქალაქო სექტორსა და მოქალაქეებს არ შეეძლებათ ხელისუფლების გაკეთებული, გაუკეთებელი ან დაგეგმილი პროექტები და საქმიანობა შეაფასონ, ეს არათანასწორ გარემოს შექმნის.

    "ხელისუფლებას თავისი "კარგი" საქმეების წარმოჩენისთვის აქვს კომერციული რეკლამის გამოყენების უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, არ რჩება არანაირი სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება საზოგადოების მხრიდან აღქმული ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის კრიტიკა - მაგალითად, ადამიანთა ჯგუფი მიიჩნევდეს, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართ ხელისუფლება უნდა იყოს ლიბერალური და შესაცვლელია კანონმდებლობა და სოციალური რეკლამების საშუალებით კამპანიას ატარებდეს. ასევე შეიძლება იყოს ჯანდაცვის სისტემა და ა.შ.", - თქვა გიორგი მშვენიერაძემ.

ვიდეორგოლი, რომელიც მმართველი პარტიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, 1 წთ და 41 წამი გრძელდებოდა. სარეკლამო რგოლში ერთი ოჯახის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ჩანდნენ, რომლებიც ისმენდნენ და გამოხატავდნენ ბრაზს მმართველი პარტიის ლიდერების შეფასებებზე უკრაინაში მიმდინარე ომსა და ევროპარლამენტის რეზოლუციაზე.

"შინ ევროპისკენ" აქციის ამ კლიპში მოხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 3 აპრილის ("ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა"), 11 ივნისისა ("ეს კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური") და 22 ივნისის ("ვინაიდან უკრაინა არის ომში, ამ მთავარ ფაქტორს ითვალისწინებენ და სწორედ ამ მოტივაციით, ამ მიზნით აძლევენ მათ სტატუსს") განცხადებების ნაწყვეტები. ვიდეორგოლში ასევე იყო "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის; ამავე პარტიის ლიდერის, გია ვოლსკის, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა (ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს) და სხვათა განცხადებების ამონარიდები.

XS
SM
MD
LG