Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროპაგანდისტული Первый канал-ი საქართველოში ტელევიზიას აფინანსებს


კადრი "პირველი გასართობის" მაუწყებლობიდან
კადრი "პირველი გასართობის" მაუწყებლობიდან

საქართველოში არსებობს არხი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და რომელსაც რუსული პროპაგანდისტული არხი, Первый канал-ი აფინანსებს. არხს, რომელსაც ერთადერთ დამფინანსებლად რუსული წყარო ჰყავს, "პირველი გასართობი" ჰქვია და Первый канал-ის იდენტური ლოგო აქვს. აქ, ძირითადად, Первый канал-ზე გასული გადაცემებისა და ფილმების ქართულად დუბლირებულ ვერსიას უჩვენებენ.

მხოლოდ წელს, იანვარსა და თებერვალში, ამ არხს რუსული პროპაგანდისტული არხისგან 119 ათას ლარზე მეტი აქვს მიღებული. კომუნიკაციების კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, იმავე დაფინანსების წყაროდან, Первый канал-დან, "პირველი გასართობის" შემოსავალი 2021 წელს 620 ათასი ლარი იყო.

არხის შემოსავლები 2021-2022 წლებში
არხის შემოსავლები 2021-2022 წლებში

საქართველოში რუსეთიდან მომავალი ფულით არხის დაფინანსებაზე ინფორმაცია თავდაპირველად "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" გაავრცელა.

"პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ რუსული მედია დღევანდელ რეალობაში, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, არ არის მედია, ის არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ომის წარმოების - ამით ხდება იმ აგრესიის დასაბუთება, რაც ხდება. უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან მიიღო ევროკავშირმა ამ მოტივით რუსული არხების დაბლოკვის გადაწყვეტილება... ჩვენს რეალობაში რუსული არხების აკრძალვა არა მხოლოდ სოლიდარობა იქნება უკრაინის მიმართ, [არამედ აღკვეთაც] ისინი ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმაციას", - უთხრა რადიო თავისუფლებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მედიის პროგრამის ხელმძღვანელმა, მამუკა ანდღულაძემ.

კომპანია საქართველოს საჯარო რეესტრში შპს რ.ბ.ჯ.-ის სახელით არის რეგისტრირებული - ამ კომპანიას აღებული აქვს მთელი საქართველოს მასშტაბით ე.წ. სახლის ანტენებით გავრცელების უფლება და მისი ყველგან ყურება უფასოდ შეიძლება.

არხის შესახებ კომუნიკაციების კომისიაში დაცული ინფორმაცია
არხის შესახებ კომუნიკაციების კომისიაში დაცული ინფორმაცია

იმის მიუხედავად, რომ ავტორიზაციის პირობების მიხედვით, ამ არხზე მხოლოდ ​კინო-სერიალებისა და გასართობი გადაცემების გავრცელებაა შესაძლებელი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში" საფრთხეს მაინც ხედავენ.

"ეს არ არის ცალკე აღებული საკითხი. ეს ტელევიზია [Первый канал], თავისი გასართობი არხით, არის რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი", - ამბობს მამუკა ანდღულაძე.

საქართველოს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული კომპანიის დამფუძნებლები არიან რუსეთის მოქალაქე ოლგა მილიაევა (90%) და საქართველოს მოქალაქე ირაკლი ადამია (10%). მათი საკონტაქტო მონაცემები რადიო თავისუფლებამ ვერ მოიძია - ეს მონაცემები არ წერია არც ტელევიზიის ვებგვერდზე.

ვებგვერდზე ტელეპროგრამასთან ერთად იძებნება ერთი სიახლის შესახებ ინფორმაცია:

"ძვირფასო მაყურებელო! სამხედრო დრამა "1 გასართობი"-ს ეთერში 15 აგვისტოდან. ერთი შეხედვით, მტერთან ბრძოლის გულანთებული ახალგაზრდების ამბავი. სინამდვილეში, სისხლიანი რეჟიმის პირობებში ხალხის მძიმე ცხოვრების დემონსტრირება".

"პირველი გასართობის" ვებგვერდი
"პირველი გასართობის" ვებგვერდი

ჯამში "პირველი გასართობის" შემოსავალი 2016 წლიდან დღემდე, 2022 წლის ჩათვლით, 3,5 მილიონ ლარამდეა.

XS
SM
MD
LG