Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვმა ანტისაომარ აქციაში მონაწილე ქალებს ქმრების ომში გაშვება ურჩია


რამზან კადიროვი, ჩეჩნეთის მეთაური
რამზან კადიროვი, ჩეჩნეთის მეთაური

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ გროზნოში გამართულ ანტისაომარ აქციაში 15-20 ქალი მონაწილეობდა, მანამდე რესპუბლიკის ხელმძღვანელობა უარყოფდა აქციის შეკრებას. მოგვიანებით სამართალდამცველებმა დაკავებულთა შესახებ განაცხადეს, ჩეჩნეთის ლიდერმა კი ირიბად დაადასტურა ეს ინფორმაცია და თქვა, რომ ესაუბრა აქციის მონაწილეებს.

რადიო თავისუფლების პროექტის, „კავკაზ რეალიის“ ინფორმაციით, 21 სექტემბრის აქცია კადიროვის მმართველობის პერიოდში ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული პირველი საპროტესტო გამოსვლა იყო.

კადიროვის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, აქციის მონაწილე 20 ქალიდან, სამის ვაჟიშვილი უკრაინის ომში მონაწილეობს და ორი მათგანისთვის ის ერთადერთი ვაჟია.

„ჩვენ იმთავითვე ვთქვით, რომ დედისერთა ვაჟებს არ გავიწვევდით, ეს როგორ მოხდა, არ ვიცი, [რომ] ორმა მათგანმა ერთადერთი ვაჟი [გაგზავნა]. კიდევ 15-20 ქალი გამოვიდა, რომლებსაც ევროპული ორგანიზაციებიდან კაპიკები აქვთ მიღებული და კითხვაზე, რატომ გამოვიდნენ დღეს მოედანზე საყოფაცხოვრებო, კომუნალური და სოციალური კითხვების დასმა დაიწყეს. ვუთხარი, რომ თუ სახლში კაცები ჰყავთ, რომლებსაც ღირსეული დღევანდელი და ხვალინდელი დღის უზრუნველყოფა არ შეუძლიათ, ეს კაცები უნდა იმყოფებოდნენ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ჩეჩნეთის მეთაურმა.

მას „ევროპული ორგანიზაციების მიერ ქალების დაფინანსების“ დამადასტურებელი არგუმენტები არ მოუყვანია.

კადიროვმა რესპუბლიკის მცხოვრებლებს მოუწოდა, არ მიიღონ მონაწილეობა ანტისაომარ მოქმედებებში და მათ კი, ვინც მაინც გამოვა, „ერის მტრები“ უწოდა და მათი საომრად გაგზავნა მოითხოვა.

კადიროვის მტკიცებით, მის მიერ კონტროლირებად რეგიონში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი არავის განუცხადებია და უკრაინაში საბრძოლველად ყველანი მოხალისეობრივად გაემგზავრნენ.

ჩეჩენი უფლებადამცველის, აბუბაქარ ანგულბაევის განცხადებით, დაგეგმილი აქცია ვერ შედგა, რადგან მეჩეთის წინ მოედანი შემოსაზღვრული იყო. მოგვიანებით ოპოზიციურ ტელეგრამის არხზე, 1ADAT-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია აქციაში მონაწილეობის სურვილის მქონე ქალების დაკავების შესახებ, რომლებიც მიტინგის ადგილას ნახევარი საათით ადრე იყვნენ მისული. იუწყებოდნენ, რომ ისინი გროზნოს მერიის შენობაში ჰყავდათ დაკავებული.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულების ხელმოწერის შემდეგ, ჩეჩნეთში აქტიურად ისმის მოთხოვნა, რომ არ გაგზავნონ მათი შვილები ომში. მსგავსი შინაარსის განცხადება ტელეგრამის არხით გაავრცელა „Другой Кавказ“-მა (სხვა კავკასია). „რამზან ახმადოვიჩ, ჩვენო პატივცემულო მეთაურო, თხოვნა გვაქვს, ჩვენი ბიჭები, ჩვენი ძმები, ჩვენი შვილები დატოვოთ სახლში, ბევრი მათგანი უკვე დასახიჩრებულია, ბევრი დაიღუპა ამ ომში.“

ადგილობრივი უფლებადამცველების განცხადებით, ომში „მოხალისეებად“ წასვლას აიძულებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებსაც.

ომში მონაწილეობის იძულებაზე პირველად მოძრაობა 1ADAT-მ განაცხადა. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ახალგაზრდებს იტაცებენ და პატიმრობის მუქარით აიძულებენ უკრაინაში საომრად წასვლას ან დიდი ოდენობით თანხის გადახდას სთხოვენ.

XS
SM
MD
LG