Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში უკანონო პატიმრობაში აღმოჩნდა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე


ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრის ადგილი ერგნეთში. 2022 წლის 23 სექტემბერი
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრის ადგილი ერგნეთში. 2022 წლის 23 სექტემბერი

დღეს ცნობილი გახდა, რომ ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში აღმოჩნდა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, გელა იობაშვილი და ნუკრი კალაშნიკოვი.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მკვიდრი გელა იობაშვილი ჯერ კიდევ 14 სექტემბერს დააკავეს, თუმცა, „ცხელი ხაზით“ ინფორმაციის გადაცემა არ მომხდარა. ანთაძის განცხადებით, მხოლოდ გუშინ, 22 სექტემბერს მიიღეს შეტყობინება, რომ ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გელა იობაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მეორე დაკავებული ქარელის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ნუკრი კალაშნიკოვია. როდის დააკავეს ის, ირაკლი ანთაძეს არ უთქვამს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა მედიას უთხრა, რომ დეტალებზე შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს. არსებული ინფორმაციით, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ნუკრი კალაშნიკოვსაც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ერგნეთში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკანონო პატიმრების გათავისუფლებაა. გელა იობაშვილის და ნუკრი კალაშნიკოვის გარდა, ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში უკანონოდ იმყოფებიან მამუკა ჩხიკვაძე, კახაბერ ნათაძე და ლაშა ხეთერელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG