Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თავდაცვა: ომში 9 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა


უკრაინაში, იზიუმის მახლობლად იპოვეს ხელებშეკრული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრები, 16 სექტემბერი, 2022 წელი
უკრაინაში, იზიუმის მახლობლად იპოვეს ხელებშეკრული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრები, 16 სექტემბერი, 2022 წელი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა ISLND TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ომში 9-ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. უწყებას უფრო ზუსტი რიცხვის დასახელება არ შეუძლია იმის გამო, რომ ზოგ რეგიონში, მაგალითად, მარიუპოლში დაღუპული სამხედროების რაოდენობის დათვლა ვერ ხერხდება.

მისი განმარტებით, მსხვერპლი უკრაინელ სამხედროებში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რუსეთის შეიარაღებულ ძალებში.

„ასობით ათასი არ არის. მადლობა ღმერთს, ეს არ არის ასობით ათასი. რამდენიმე კვირის წინ 9 ათასი დასახელდა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მარიუპოლი, სადაც დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა არ ვიცით. ათასობით არის, მაგრამ ნამდვილად არა ასობით ათასი. თუ მათ ჰყავთ 50 ათასზე მეტი, ჩვენ ვასახელებთ 9 ათასამდე, ახლა უკვე ცოტა მეტს“, - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ამასთან მალიარმა დააზუსტა, რომ საუბარია სამხედრო მოსამსახურეთა შორის მსხვერპლზე. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს სხვა უწყება აღრიცხავს.

კვირის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ომის განმავლობაში დაღუპულია 61 ათასი და დაჭრილია 49 ათასი უკრაინელი სამხედრო. სპეციალისტებს ამ რიცხვების ნამდვილობაში ეჭვი ეპარებათ.

შოიგუსვე განცხადებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში 5 937 რუსი სამხედრო დაიღუპა. თუმცა, შოიგუს მიერ დასახელებული ეს რიცხვი BBC-ს რუსული სამსახურის მიერ გამოცემა „მედუზასთან“ და მოხალისეთა გუნდთან ერთად დათვლილთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია.

BBC-ს მონაცემებით, 16 სექტემბრისთვის რუსეთის არმიამ დაკარგა სულ ცოტა 6 476 სამხედრო, ამ რიცხვის დადასტურება შესაძლებელი გახდა ღია წყაროების მონაცემებით.

უკრაინული მხარის მონაცემებით, ომის განმავლობაში 55 000 რუსი სამხედრო დაიღუპა, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანახმად კი ივლისის ბოლოსთვის დაღუპული იყო 15 ათასზე მეტი რუსი სამხედრო. ბრიტანული დაზვერვის მონაცემების მიხედვით, ჯერ კიდევ ივნისში, უკრაინაში ომს 20 ათასი რუსი სამხედრო ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG