Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვიჩია რუსეთის მოქალაქეებზე: კარები უნდა გავუხსნათ ხალხს, რომელიც გაურბის ტირანიას


იაგო ხვიჩია, პარლამენტის დეპუტატი
იაგო ხვიჩია, პარლამენტის დეპუტატი

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი პარტია "გირჩიდან", იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ახლა რეგულაციების დაწესება ქვეყნის პროვოკაციებისგან დაცვა არაა. მან ტელეკომპანია "ფორმულის" ეთერში თქვა, რომ რეგულაციების შემოღებით ქვეყანაში იმ ადამიანებს გაუჭირდებათ შემოსვლა, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას - უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვას - გაურბიან.

"ამ წუთას რუსეთიდან რიგი რომ არის შემომსვლელების, ამ ქვეყნის მშვენიერების დასათვალიერებლად არ მოდის. ის მოდის იმისთვის, რომ პუტინის ტირანიას გადაურჩეს და გადაურჩეს იმას, რომ არ მოუწიოთ იძულებით იმ ხალხთან ისეთი ომი, რომელიც მათ არ მიაჩნიათ სამართლიანად. ფაქტობრივად, ეს ადამიანები პუტინის კანონმდებლობით ხდებიან დეზერტირები, რომ საქართველოში შველა ნახონ - არ განადგურდნენ თვითონ ფიზიკურად, ან მორალურად, როდესაც ადამიანის მოკვლა არ უნდათ და მოუწევთ.

ამას რომ გაურბის ადამიანი და შენს ქვეყანაში შემოდის, ის არ არის ტურისტი, ის არ შემოდის შენი ქვეყნის სილამაზის სანახავად. მონღოლეთშიც იგივე ამბავი ხდება - ვთქვათ, რომ მონღოლეთი საქართველოსავით ლამაზია და ამიტომ მიეძალა რუსი ხალხი სილამაზეების ნახვას, ეს არ არის სწორი. ის ხალხი გაქცევას ცდილობს უსამართლო რეჟიმისგან, როგორც ჩვენ ვცდილობდით საბჭოთა კავშირიდან", - თქვა იაგო ხვიჩიამ.

მან თქვა, რომ საქართველოში ახლა ის ადამიანები მოდიან, რომლებიც ემიჯნებიან პუტინის პოლიტიკას უკრაინაში ომის დაწყების შესახებ.

"კარები უნდა გავხსნათ ხალხს, რომელიც გაურბის ტირანიას, უნდა შემოვუშვათ - ისევე, როგორც ჩვენთვის იქნებოდა სამართლიანი, როცა საბჭოთა კავშირიდან გავრბოდით, იმ ქვეყანას, რომლის საზღვარსაც მივადგებოდით, ჩვენთვის საზღვარი გაეხსნა...

თუ უკრაინის გულშემატკივარი ხარ, უნდა ამბობდე, რომ ყველა, ვინც რუსეთის საზღვართან არის, ომი არ უნდა და გამოექცა ომს, უნდა შემოვუშვათ", - თქვა მან.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ.

"ჩვენი სამშობლოს დასაცავად, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ჩვენი ხალხის და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე (უკრაინის) ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჭიროდ მიმაჩნია მხარი დავუჭირო თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის წინადადებას, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ჩატარების შესახებ", - განაცხადა პუტინმა.

მას შემდეგ ყველა იმ ქვეყნის მიმართულებით, სადაც რუსეთის მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა შეუძლიათ, ავიაბილეთებზე მოთხოვნა გაზრდილია. მათ შორის საქართველოს შემთხვევაშიც, სადაც პირდაპირი ფრენები არ სრულდება.

საქართველოს რუსეთთან სახმელეთო საზღვარიც აქვს. რუსეთის მოქალაქეების რამდენიმეკილომეტრიანი რიგი შესამჩნევია ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტამდე მისასვლელ გზაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG