Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერს სურს ენერგიის სფეროში კავშირების გაღრმავება საუდის არაბეთთან


გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 24 სექტემბერს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცთან, მოჰამად ბინ სალმანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სურს ორ ქვეყანას შორის გაღრმავდეს ენერგიის სფეროში კავშირები.

გერმანია, რომელიც ბოლო დრომდე ძლიერ იყო დამოკიდებული რუსეთის გაზზე, თებერვალში მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ცდილობს ენერგიის წყაროთა დივერსიფიკაციას.

შოლცი, რომელიც სპარსეთის ყურეში ორდღიანი ტურნეთი იმყოფება, ასევე ამბობს, რომ პრინცთან შეხვედრისას წამოჭრა ადამიანის და სამოქალაქო უფლებების საკითხები. არაერთი პარტიის წარმომადგენელმა პოლიტიკოსებმა შოლცს ამის გაკეთებისკენ მოუწოდეს Der Spiegel-ში შაბათს გამოქვეყნებულ სტატიაში.

"შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ უთქმელი არაფერი დარჩა", - განაცხადა შოლცმა, როცა ჰკითხეს, შეეხო თუ არა პრინცთან ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საკითხს.

ხაშოგი 2018 წელს მოკლეს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში, რასაც მოჰყვა ფართო საერთაშორისო გამოხმაურება და ზეწოლა საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველზე. აშშ-ის დაზვერვის ერთი წლის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ხაშოგის მკვლელობის ან დაკავების ოპერაცია პრინცის მიერ იყო დამტკიცებული. საუდის არაბეთის მთავრობა უარყოფს საქმესთან პრინცის კავშირს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG