Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი „ზემო ლარსთან“ სამობილიზაციო პუნქტს მოაწყობს


ზემო ლარსი
ზემო ლარსი

საქართველოს საზღვართან, „ზემო ლარსის“ საკონტროლო- გამშვებ პუნქტთან, უახლოეს პერიოდში სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტი მოეწყობა, ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

უწყების ინფორმაციით, საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო საგზაო ინსპექციის უფროსის და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელების მონაწილეობით თათბირი გაიმართა.

ჩრდილოეთ ოსეთის შსს-მ დაადასტურა ასევე, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც ქვეითებს საზღვრის კვეთის ნებას რთავს. მათივე განმარტებით, საზღვრის მიმართულებით მანქანების ნაკადი მნიშვნელოვნად იზრდება.

რუსული სააგენტო „ტასს“-ი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის შსს-ს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ 27 სექტემბრის დილის მდგომარეობით, რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ელოდება დაახლოებით 5500 ავტომობილი, მათ შორის 3600-მდე მსუბუქი და 1900 სატრანზიტო, სატვირთო ავტომანქანა.

26 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა განაცხადა, რომ რუსეთის საბაჟო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი“ ერთი კვირის განმავლობაში, ორივე მიმართულებით, 37 ათასმა სატრანსპორტო საშუალებამ და 115 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.

მისი სიტყვებით, ეს 23.3%-ით მეტია წინა საანგარიშო კვირასთან შედარებით. ინფორმაცია კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტო „ტასს-მა" გაავრცელა.

21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის საზღვარზე სახმელეთო სასაზღვრო- გამშვებ პუნქტებზე მრავალსაათიანი რიგები გაჩნდა. საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გარდა, საცობებია ყაზახეთის, მონღოლეთისა და ფინეთის საზღვრებზე.

26 სექტემბერს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის მზარდი რაოდენობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი აზრით, საქართველოს საზღვრის კვეთის თვალსაზრისით, არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG