Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მიჯაჭვულობა მქონდა... ალბათ, მქონდა სტოკჰოლმის სინდრომი" - დოროყაშვილი ბასილაშვილზე


ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო სხდომა, 27 სექტემბერი
ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო სხდომა, 27 სექტემბერი

დღეს, 28 სექტემბერს, საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო სხდომაზე მისმა ადვოკატებმა გამოიკვლიეს ვიდეოჩანაწერი, რომელიც მისი ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის თქმით, ნიუ-იორკში, ერთ-ერთ სასტუმროშია გადაღებული. დაზარალებული ქალის თქმით, იმ დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილმა მასზე ფიზიკურად იძალადა. ნელი დოროყაშვილის სიტყვებით, ქმარმა მას ჩოგნებით სავსე, დაახლოებით, 80 სანტიმეტრი სიგრძის ჩანთა ჩაარტყა თავსა და სხეულის სხვადასხვა არეში.

“მანამდე თმით მითრია, მქონდა შეწითლებები სხეულზე და თავი მტკიოდა რამდენიმე დღე. როდესაც ჩემოდანი მომხვდა თავში და სხეულზე, არ ვიცი მოხრა მოვასწარი თუ არა, ფეხის ტერფში არ მომხვედრია, მაგრამ ფეხის სხვადასხვა ნაწილში მომხვდა… ინსტინქტურად ხელები ავიფარე... ყველაზე ძლიერი ტკივილი ვიგრძენი თავში… ვერ გავიხსენებ ტელეფონი სად დავარდა”, - ასე უპასუხა ნეკა დოროყაშვილმა ბასილაშვილის ადვოკატის, თეონა გვაზავას კითხვას, ჰქონდა თუ არა დაზიანებები ძალადობის შემდეგ.

ადვოკატმა მას ასევე ჰკითხა, "გადაიღო თუ არა და რატომ არ გადაიღო აშშ-ში კონფლიქტის შემდეგ დაზიანებების ფოტოსურათები?" ამაზე დაზარალებულმა უპასუხა, რომ ყოველთვის არ ჰქონდა "საშუალება და სურვილი".

“იმდენად ცუდად ვიყავი, არ მიფიქრია”, - აღნიშნა მან.

ნელი დოროყაშვილის თქმით, კონფლიქტის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასტუმროს ნომერი დატოვა და აღარ დაბრუნებულა: “მეორე დღეს შემხვდა და დამაიგნორა ლიფტში... დამტოვა უცხო ქვეყანაში”.

ბასილაშვილის ადვოკატი დაინტერესდა, “გული დასწყვიტა” თუ არა ან “გააბრაზა” თუ არა იმ ფაქტმა, რომ ქმარმა იგი სასტუმროში დატოვა, რაზეც ქალმა უპასუხა, რომ იყო გაურკვევლობაში, “ემოციურად ძალიან ცუდად”, რადგან მეუღლემ ფიზიკურად იძალადა მასზე.

"რატომ განიცდიდა მოძალადე ადამიანის სხვაგან წასვლას, თუკი მის მიმართ მართლა ხორციელდებოდა ძალადობა"? - იკითხა ადვოკატმა.

"იყო შემთხვევები, როცა ვრიგდებოდით. ალბათ, ეს ყველაფერი რომ გამეაზრებინა, მეც და ყველა ქალი ძალადობას დაასრულებდა. მე კიდევ იმაზე ვღელავდი, რომ ამხელა ძალადობების მერე ვტიროდი მასზე. ვეუბნებოდი, რომ არ იმსახურებ ჩემს ცრემლებს… მიჯაჭვულობა მქონდა თუ მიყვარდა, ალბათ, იმ მომენტში მქონდა ეს შეგრძნება. მქონდა სტოკჰოლმის სინდრომი. ეს ჩემი სუბიექტური აზრია”, - ადვოკატის დაზუსტებაზე, სტოკჰოლმის სინდრომზე წერია თუ არა ექსპერტიზაში, ნელი დოროყაშვილმა უპასუხა, რომ ექსპერტმა რა შეკითხვებიც დაუსვა, იმაზე უპასუხა.

დღევანდელი სხდომა ნელი დოროყაშვილის დაკითხვით გრძელდება. მას ისევ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები კითხავენ. დაკითხვის პროცესში მოსამართლემ დახურა სხდომის ის ნაწილი, რომლის განმავლობაშიც ადვოკატებს კითხვები დოროყაშვილისა და ბასილაშვილის არასრულწლოვან შვილზე უნდა დაესვათ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით, 2020 წლის 22 მაისს დააკავა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

ნიკოლოზ ბასილაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG