Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: მიხარია, რომ ხელი არ მომიწერია ბელარუსში ელჩის დანიშვნაზე


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

ორბელიანების სასახლეში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეეხო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ჩასვლას. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მოხარულია, რომ ბელარუსში საქართველოს ელჩის დანიშვნა გააჭიანურა.

„არ შეიძლება, არ აღვნიშნო, რამდენად მიუღებელი და შემაშფოთებელია ის, რაც 28 სექტემბერს მოხდა. ძალიან ცინიკური მიდგომაა, როცა აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტი "ოკუპაციის კანონის" დარღვევით, საერთაშორისო სამართლის ყველა წესისა და პრინციპის დარღვევით, ასევე, ჩვენი, ვითომც მეგობრული ურთიერთობების დარღვევით, ჩავიდა.

ძალიან მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე ეს საკითხი და ხელი არ მომიწერია ბელარუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისათვის.

ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი წესები, ჩვენი ტერიტორია, ჩვენი პრინციპები და ყველას უნდა მოვთხოვოთ, რომ დაიცვას ეს. ეს ხდება მაშინ, როცა რუსეთი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ვითომც და რეფერენდუმებით (რომელსაც ყველანი ერთხმად უნდა ვგმობდეთ) ცდილობს რაღაცნაირად ფეხი მოიკიდოს, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია. ცინიკური ფორმაა ისიც, რომ ვითომც დემოკრატიულ პრაქტიკას იყენებ შენი სამხედრო და ძალადობრივი ოკუპაციის გასამყარებლად", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

28 სექტემბერს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა და სამომავლო კავშირების გაღრმავების საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდა.

საქართველოს საგარეო უწყებამ ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი პროტესტის ნიშნად დაიბარა.

სამინისტრომ დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკას ჩასვლა.

„ბელარუსის მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს", - წერია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერში გამოქვეყნებულ განცხადებაში გმობს ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ჩასვლას რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ჩასვლას ტვიტერში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

  • ალიაქსანდრ ლუკაშენკას ნათქვამი აქვს, რომ არ გამორიცხავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას. მისი თქმით, ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა დაინახავს ამ ნაბიჯის საჭიროებას და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეტყვის ამის შესახებ. მაშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კრემლი ალიაქსანდრ ლუკაშენკას არ უგზავნის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, ასევე ყირიმის, როგორც რუსეთის რეგიონის, დამოუკიდებლობის აღიარების სიგნალებს.
  • 2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკამ განმარტა, რატომ არ აღიარებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მისი თქმით, დასავლეთი ამ "რესპუბლიკების" დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, მინსკს დამატებითი სანქციებით დაემუქრა, ხოლო მოსკოვმა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
  • 30 აგვისტოს აფხაზეთის "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ ლუკაშენკას დაბადების დღე მიულოცა. მანამდე ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი მზად არის შეუერთდეს რუსეთის, ბელარუსისა და სხვა ქვეყნების სამოკავშირეო სახელმწიფოს, რომელიც შეიძლება, შეიქმნას უკრაინაში ომის შემდეგ. ამასთან, ბჟანიამ დასძინა, რომ აფხაზეთს არ აქვს ოფიციალური კონტაქტები ბელარუსის ხელმძღვანელობასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG