Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შეხვედრა აფხაზურ მიწაზე“ - რა წერია ლუკაშენკას ოფიციალურ პრესრელიზში


ასლან ბჟანია, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი (მარცხნივ) და ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი (მარჯვნივ)
ასლან ბჟანია, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი (მარცხნივ) და ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი (მარჯვნივ)

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ოფიციალურ საიტზე პრესრელიზი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ გუშინ, 28 სექტემბერს, გვიან ღამით გამოჩნდა.

პრესრელიზში წერია, რომ ლუკაშენკა „შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე“ იმყოფებოდა.

„ასევე შეხვედრა შედგა აფხაზურ მიწაზე. ბელარუსის სახელმწიფო მეთაურმა ასლან ბჟანიასთან ეკონომიკური პროექტები განიხილა, ბელარუსისა და აფხაზეთის თანამშრომლობის პერსპექტიული საკითხები“, - ნათქვამია განცხადებაში.

პრესრელიზში ასლან ბჟანიას თანამდებობა მითითებული არ არის.

სოციალური ქსელების მომხმარებლების ვარაუდით, ეს იმას მოწმობს, რომ ლუკაშენკა ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ჯერ არ აპირებს.

ვებსაიტზე მოყვანილია ლუკაშენკას განცხადებებიც იმაზე, რომ „აფხაზეთის პრობლემები“ მან რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან განიხილა.

ჩვენ ამ საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ, გვიან ღამემდე, ის ძალიან ჩაფლულია, ჩემზე მეტად აფხაზეთის პრობლემებსა და საქმეებში, დიდხანს არ ვილაპარაკებ ამაზე, მაგრამ ჩვენ ერთ დასკვნამდე მივედით: აფხაზეთი არსებობს, მას რუკიდან ვერ წაშლი, ამის გაკეთებას ვერცერთი სანქცია ვერ შეძლებს. როგორც ის ამბობს, აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება, უნდა დავეხმარო, რომ ეს აყვავებული მხარე და ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს, ნორმალურად ცხოვრობდეს“, - განაცხადა ლუკაშენკამ.

მანვე დასძინა, რომ „ჩამოვედი არა იმიტომ, რომ რაიმე [განსაკუთრებული] ვითარებაა“.

„ჩვენ ნორმალური ვითარება გვაქვს, არ გვაწუხებს არანაირი გეოპოლიტიკა. ჩვენ უბრალო, ისევე როგორც თქვენ, მშვიდობიანი, კეთილი, შრომისმოყვარე ხალხი ვართ და გვსურს თანხმობაში ცხოვრება.“

ლუკაშენკას არაოფიციალური ვიზიტი აფხაზეთში თბილისის თანხმობის გარეშე შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ „მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში“.

საქართველოს პირველმა პირებმა მას „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევა“ უწოდეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ხოლო საელჩოსთან პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც პუტინისა და ლუკაშენკას პორტრეტები დაწვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG