Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საექიმო საქმიანობის ლიცენზიისთვის დოკუმენტაცია არასრული იყო - აზარაშვილი სააკაშვილთან ექსპერტის შეშვებაზე


ზურაბ აზარაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი
ზურაბ აზარაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი განმარტავს, რომ უცხოელ სამედიცინო ექსპერტს, ჯეიმს კობის "არასრულყოფილი" დოკუმენტაციის გამო უთხრეს უარი საექიმო ლიცენზიის აღებაზე. ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი ჯეიმს კობი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოვიდა, თუმცა ამ დრომდე ვერ ახერხებს კლინიკა "ვივამედში" შესვლას.

"ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რამდენადაც ვიცი, დოკუმენტაცია, რაც აუცილებელი იყო საექიმო საქმიანობის ლიცენზიის ასაღებად, არასრულყოფილი იყო, ამიტომ ვერ დაკმაყოფილდა.

კომისიამ მიზანშეუწონლად ჩათვალა საექიმო საქმიანობის უფლების მიცემა ამ კონკრეტულ ადამიანზე", - განაცხადა მინისტრმა დღეს, 3 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ ხარვეზი დაუდგინა უცხოელ ექიმს, თითქოს მას არ წარმოუდგენია ბოლო წლების მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

"საქართველოში ჩამობრძანდა დოქტორი კობი, რომელიც გახლავთ ნობელის პრემიის ლაურეატი. მსგავსი მასშტაბის და დონის ფიგურა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის კუთხით, საქართველოში ჯერ არ ყოფილა", - თქვა ხაჭაპურიძემ. მანვე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველს ექსპერტის მიხეილ სააკაშვილთან შეყვანა თავისი ხაზით შეუძლია.

"მოვუწოდებ სახალხო დამცველს, საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოში ნომერ პირველი აღიარებულ ექსპერტს დაეხმაროს, დაიცვას პატიმარ სააკაშვილის უფლებები და მოახდინოს მისი შეყვანა კლინიკა "ვივამედში".

მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან მკურნალობს კლინიკა „ვივამედში“.

იგი აგვისტოში მოინახულეს ამერიკელმა და შვეიცარიელმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა. ეს უკანასკნელი გაეროშია აკრედიტებული. მათ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ისტორიის შესწავლა დაიწყეს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

მისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" თანამშრომლები ამბობენ, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.

XS
SM
MD
LG