Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს წელს ბათუმი მასპინძლობს


დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმში დაიწყო ოდესის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი. ოდესის რიგით მერვე ფესტივალის ბათუმში ჩატარება უკრაინაში ომის გამო გადაწყდა. 4-დღიანი ფესტივალის პროგრამა მოიცავს მკითხველებთან უკრაინელი, ქართველი, შვეიცარიელი, რუმინელი, პოლონელი, გერმანელი და თურქი მწერლების შეხვედრებს, ახალი წიგნების პრეზენტაციებს, სემინარებს, დისკუსიებს, ქართული და უკრაინული პოეზიის საღამოს.

ოდესის ლიტერატურული ფესტივალის კოორდინატორი მაქსიმ მელნიკი ამბობს, რომ ბათუმი საგანგებოდ შეირჩა, რადგან საქართველოს და უკრაინის ამ ქალაქებს შორის საოცარი კავშირი არსებობს.

დისკუსიების ძირითადი თემა იქნება ომი უკრაინაში და მისი გავლენა მსოფლიოზე. „როგორი გახდა და როგორი გახდება 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ლიტერატურა იმ ფონზე, როდესაც ქალაქები ინგრევა უკრაინელი ავტორების თვალწინ. ამავდროულად ჩვენ ვილაპარაკებთ წიგნებზე, ტექსტებზე და იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს წიგნს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „ქართული ლიტერატურული ინიციატივის“ ხელმძღვანელმა, მედეა მეტრეველმა.

ფესტივალის კიდევ ერთი ორგანიზატორის, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ დამფუძნებელი ირაკლი ბაკურიძე ამბობს, რომ ილაპარაკებენ სოლიდარობაზე, მეგობრობასა და მშვიდობაზეც. „ბათუმი ამ შემთხვევაში ოდესის მეგობარი ქალაქია. ძრავი ამ ყველაფრის არის ლიტერატურა და შემდეგ უკვე თემები, რომლებსაც ის მიმოიხილავს. არა ომს! - ეს ლოზუნგი ექნება ფესტივალს. მწერლები, მონაწილეები შეეცდებიან კიდევ ერთხელ ლიტერატურის ძალა გამოიყენონ მსოფლიოსადმი მოწოდებისთვის, რომ ომი უნდა დასრულდეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი ბაკურიძემ.

ოდესის მერვე ლიტერატურული ფესტივალი ოფიციალურად დღეს, 19:00 საათზე გაიხსნება ბათუმის საზაფხულო თეატრში. ფესტივალის მონაწილეებს ონლაინ მიმართავს პულიცერის პრემიის ლაურეატი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი ენ ეპლბაუმი.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: Peter Weiss Foundation for Art and Politics(გერმანია), „ქართული ლიტერატურული ინიციატივა“ და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: Konrad Adenauer Foundation(გერმანია), Jan Michalski Foundation (შვეიცარია), International Literature Festival Berlin, Prohelvetia (შვეიცარია), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ოდესის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 8 ოქტომბერს დასრულდება.

XS
SM
MD
LG