Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ და რუმინეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციას


ბუქარესტი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს ვერნერ იოჰანისი
ბუქარესტი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს ვერნერ იოჰანისი

რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუმინელ კოლეგასთან, კლაუს ვერნერ იოჰანისთან ერთად ხელი მოაწერა დეკლარაციას „საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების თაობაზე".

დოკუმენტში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს, ვკითხულობთ, რომ მხარეები კვლავ ადასტურებენ მტკიცე ურთიერთმხარდაჭერას ორივე ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის მიმართ.

დეკლარაციაში რუმინეთი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას.

„მხარეები ხაზგასმით აღნიშნავენ რა რუმინეთის მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართ, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში,

ყურადღებას ამახვილებენ რა, რომ რუმინეთსა და საქართველოს საერთო ინტერესები გააჩნიათ უსაფრთხო და დაცული შავი ზღვის მიმართ, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და მთლიანი ევროატლანტიკური უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს;

[მხარეები] მაღალ შეფასებას აძლევენ რა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს გამორჩეულ წვლილს და მის მონაწილეობას ევროკავშირისა და ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში, კერძოდ, ევროკავშირის მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში და ნატო-ს მისიაში ავღანეთში, ისევე, როგორც ნატო-სთან თავსებადობის მაღალ დონეს, როგორც ამას ადასტურებს საქართველოსთვის მინიჭებული „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსი,

ხაზგასმით აღნიშნავენ რა, რომ გამოწვევებმა და თანმდევმა ზომებმა, რომლებიც განპირობებულია რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციით და დე-ფაქტო ანექსიის გააქტიურებული მცდელობებით, ასევე მუდმივი პროვოკაციებით, გააუარესა ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემო და ადამიანის უფლებების მდგომარეობა,

უდიდესი შეშფოთებით აფიქსირებენ რა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტმა და შავი ზღვის რეგიონში არსებულმა სხვა მოუგვარებელმა კონფლიქტებმა, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ და კიბერ, ჰიბრიდულმა და სხვა ასიმეტრიულმა საფრთხეებმა ევროპის კონტინენტის ამ რეგიონს, ევრო-სივრცესა და მის მიღმა, ძირი გამოუთხარა უსაფრთხოებასა და გამოიწვია დესტაბილიზაცია,

ხაზგასმით აღნიშნავენ რა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტის გაჭიანურებამ კიდევ უფრო შეზღუდა ადამიანის უფლებების დაცვა და გააუარესა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, მიაყენა რა მათ უდიდესი ადამიანური ზიანი", - ნათქვამია დეკლარაციაში.

მხარეები თანხმდებიან, რომ ახლო მომავალში ერთობლივად შეიმუშაონ დეტალური სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს წინამდებარე დოკუმენტის ფარგლებში გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებსა და განსახორციელებელ ზომებს, რათა უზრუნველყონ ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი სტრატეგიული პარტნიორობა.

დოკუმენტის ხელმოწერამდე პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრები გამართეს. რუმინეთში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი 10 ოქტომბერს დაიწყო.

XS
SM
MD
LG