Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე კომენტარის გამო ბოდიშს იხდის


გიორგი ამილახვარი, დეპუტატი
გიორგი ამილახვარი, დეპუტატი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი ბოდიშს იხდის რამდენიმე საათის წინ ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის გამო. მისი თქმით, როცა განცხადებას აკეთებდა, არ იყო სრულად ინფორმირებული მომხდარის შესახებ.

"მინდა მივუსამძიმრო საზოგადოებას და განსაკუთრებით ოჯახს ამ მცირეწლოვანი ბავშვის ასე ტრაგიკულად გარდაცვალება. ყველა, ჩვენ მოზიარე ვართ ამ საშინელი ამბის. ბოდიში მინდა მოვიხადო და მოვუხადო პირველ რიგში გარდაცვლილის სულს, მის ოჯახს და მთლიანად საზოგადოებას. არ აქვს იმის ახსნას აზრი, თუ რა კონტექსტით გავაკეთე ის განცხადება, რაც გავაკეთე. ეს ჩემთვის არის ცხოვრებისეული კრედო, მსგავსი არასდროს არ მიფიქრია მთელი ცხოვრების განმავლობაში და ჩემთვისაც ამ კონტექსტში ის განცხადება, რაც გავაკეთე, არის სრულიად მიუღებელი.

ახლა არ მგონია, ოჯახს იქეთ ვინმე ისე განიცდიდეს ამ ამბავს, ვიდრე მე", - თქვა გიორგი ამილახვარმა.

დღეს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთი გარდაიცვალა. დეპუტატ ამილახვარს ჟურნალისტებმა კომენტარი ამ უბედური შემთხვევიდან მალევე ჰკითხეს.

"ვაკის პარკში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია. ბავშვები თამაშობენ. ჩაუვარდა ბურთი. ალბათ, არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი. არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და ბუნებრივია, მსგავსი რაღაცა ტექნიკური შეფერხებები შეიძლება იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს - არა მარტო ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის… ამაზე ახლა რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის? და ამას მეკითხები სერიოზულად? [უსაფრთხოების ზომები] ცხადია, უნდა იყოს", - თქვა დეპუტატმა მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო ყველა დეტალი ცნობილი ამ უბედურ შემთხვევაზე.

თბილისის მერის თქმით, დაისჯება ყველა, ვისი დანაშაულიც გამოიკვეთება ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებისთვის დენის დარტყმის ფაქტზე აღძრულ საქმეში.

"უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემულები ვართ ყველა. რაც შეეხება გამოძიებას, დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად", - თქვა კალაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა).

მერია ვაკის პარკის განახლების სამუშაოებს ატარებს. სამუშაოები მერმა კახა კალაძემ გუშინ დაათვალიერა - მერია აცხადებდა, რომ "ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა".

XS
SM
MD
LG