Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დადასტურებული დანაკარგი უკრაინაში 7,5 ათას სამხედროს აჭარბებს - BBC


უკრაინის დროშა რუსეთის არმიის მიერ დატოვებულ ტანკზე დონეცკის ოლქში
უკრაინის დროშა რუსეთის არმიის მიერ დატოვებულ ტანკზე დონეცკის ოლქში

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ საომარ მოქმედებებში დაიღუპა 7502 რუსი ოფიცერი და ჯარისკაცი, ამის შესახებ საუბარია "ბიბისისა" და გამოცემა "მედიაზონის" ერთობლივ ანგარიშში, რომლის თანახმად, ფრონტის ხაზზე ყველაზე დიდ დანაკარგს რუსეთის ელიტური ქვედანაყოფები განიცდიან. ანგარიშის მიხედვით, დაღუპულთა შორის არის პუტინის ბრძანებით მობილიზებული 11 მოქალაქეც.
აღნიშნული ანგარიში ეფუძნება რეგიონული ხელისუფლებებისა და სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებისგან მიღებულ ცნობებს, ასევე - დაღუპულთა ნათესავებთან ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებულ ინტერვიუებს.

მაგრამ რეგიონებს არ აწვდიან ინფორმაციას ყველა დაღუპულის შესახებ, ხოლო რუსეთის სასაფლაოებზე ახალი სამარეების რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის არმიის დანაკარგი გაცილებით დიდია. მაგალითად, გასულ თვეში კალინინგრადში მდებარე სამხედრო ხეივანში არაერთი ახალი საფლავი გაჩნდა. ხოლო უკრაინაში დაღუპული და ხეივანში დაკრძალული 29 ჯარისკაციდან 11-ის ვინაობა საჯაროდ არ გამჟღავნებულა.

უკრაინის გენერალური შტაბის ბოლო ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში რუსეთმა 64 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

რუსეთის ხელისუფლებამ ომის 8 თვის განმავლობაში ორჯერ გამოაქვეყნა ცნობა პირადი შემადგენლობის დანაკარგის თაობაზე.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სექტემბრის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მსვლელობისას დაღუპულია 5937 რუსი სამხედრო. სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 24-ის" ეთერში შოიგუმ ისიც თქვა, რომ უკრაინის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი 100 ათასს აჭარბებს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა ISLND TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთთან ომში 9 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG