Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ კახეთის ერთ-ერთ სკოლაში შვიდი წლის ბავშვზე შესაძლო ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო


შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო გამოძიება კახეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის საქმესთან დაკავშირებით.

პედაგოგს ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში მშობელი ადანაშაულებს. ბავშვის დედამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შემთხვევა 29 სექტემბერს მოხდა, თუმცა ამის შესახებ მედიასთან ლაპარაკი მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სკოლის ადმინისტრაციამ საქმის შესწავლა გააჭიანურა.

„ვიდრე განათლების სამინისტრო არ ჩავრიე, ადგილზე რეაგირება არ მოხდა", - ამბობს მშობელი.

დედა ჰყვება, რომ თავდაპირველად მის შვილს ერთ-ერთი თანაკლასელი საკლასო ოთახში მომხდარი გაუგებრობის გამო დაუპირისპირდა, რის შემდეგაც ის რამდენიმე მოსწავლემ სკოლის ეზოში გაიყვანა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

დედის თქმით, ბავშვს ყელის არეში აქვს დაზიანება, რომელიც ფოტოზეც აღბეჭდა. დედა ირწმუნება, რომ მომხდარს თვალს ადევნებდა კლასის დამრიგებელიც, თუმცა ვითარების განმუხტვის ნაცვლად, მის შვილს სახეში პედაგოგმაც გაარტყა.

„როგორ ბავშვი ამბობს, ყელზე მავთული შეაბეს. მითხრა, დედა, ვიხრჩობოდიო. ფიზიკური ძალადობის შემდეგ ჩემს შვილს თანაკლასელები და კლასის დამრიგებელი მუდმივად აბულინგებენ. მასწავლებელი მანამდე ყოველდღე ათიანებს უწერდა, ახლა კი უთქვამს, რომ დედაშენი და შენ ცუდად მოიქეცით და ნიშანს აღარ დაგიწერო“, - გვითხრა მშობელმა.

პედაგოგი, რომელსაც შვიდი წლის მოსწავლის მშობელი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, სკოლაში თანაკლასელებს შორის მომხდარ ინციდენტს ადასტურებს. იგი ამბობს, რომ ორი მოსწავლე შესვენებაზე ერთმანეთს იმიტომ წაეჩხუბა, რომ ერთმა მეორეს საკლასო ოთახიდან გასვლა დაასწრო, ფიზიკური დაპირისპირებაც ამას მოჰყვა. თუმცა პედაგოგი მისი მხრიდან ერთ-ერთ მოსწავლეზე ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.

„ის, რომ მე ბავშვს გავარტყი, არის ტყუილი. მაგას დამტკიცება უნდა. სკოლის დისციპლინური კომიტეტი მუშაობს და გაირკვევა მტყუან-მართალი", - თქვა მასწავლებელმა.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ამბობს, რომ სკოლაში მომხდარ ინციდენტზე დისციპლინური კომიტეტი უკვე მსჯელობს და გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი: „თუ მოკვლევა აჩვენებს ვინმეს გადაცდომას, ყველას პასუხისმგებლობა დადგება".

შს სამინისტროში დაწყებული გამოძიების ფარგლებში მხარეებს 21 ოქტომბერს გამოჰკითხავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG