Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბასილაშვილი: ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას


ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი

ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. სპორტსმენი ამბობს, რომ პირველ რიგში მისი მიზანია შვილთან ურთიერთობის აღდგენა და შემდეგ პროფესიული კარიერის გაგრძელება. როგორც ბასილაშვილმა აღნიშნა, ელოდა სამართლიანი განაჩენის გამოტანას.

„ჩემს შვილთან არ მქონია ურთიერთობა ბოლო ორი წელია, ამ პროცესების გამო. ამიტომ მინდა, დავიწყო ამ ურთიერთობების თავიდან აღდგენა. გაციებული ურთიერთობების გამოსწორება. პირველ რიგში, ჩემი ნაბიჯი იქნება ეს. მე, როგორც თავიდან, საქმის დაწყებიდან აღვნიშნე, არ მინდა, ზოგადად, საჯაროდ ნეგატიური განცხადებების გაკეთება. ის ყველა შემთხვევაში არის ლუკასის დედა. ბავშვი არის აბსოლუტურად მთავარი. მოკლედ, მე არ მინდა ჩემს პირადზე ვისაუბრო. ამის შემდეგ ცოტა გადავხარშავ, დავლაგდები...

მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის. რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ დადგა სამართლიანი გადაწყვეტილება.

ვნერვიულობდი, ზოგადად, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე მე ჩემს ცხოვრებაში. მით უმეტეს, ჩემი ხმა სატელევიზიო სივრცეში ძალიან არასწორად იყო გაშვებული, ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. ეს შინაარსი არ ემსახურებოდა სიმართლეს, ამიტომ თვითონ ეს მომენტი, ამდენი ცრუ ბრალდება ჩემთვის ძალიან რთული ასატანი იყო. ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა. ჩემთვის ახლა მთავარი არის ბავშვთან ურთიერთობის აღდგენა და შემდეგ პროფესიონალური კარიერის გაგრძელება", - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ორ წელზე მეტხანს მიმდინარეობდა. მრავალთვიანი განხილვებისა და მოწმეთა დაკითხვის შემდეგ, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განაჩენი დღეს, 21 ოქტომბერს, გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებითვე გაუქმდა ჩოგბურთელის წინააღმდეგ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - 100-ათასლარიანი გირაო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ, ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით, 2020 წლის 22 მაისს დააკავა. 24 მაისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილის ბრალდება დააზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებოდა.

XS
SM
MD
LG