Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან ისევ ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში თანამშრომელთა გათავისუფლების მეორე ეტაპი დაიწყო - როგორც ერთ-ერთი გათავისუფლებული, რესტავრატორი ანა შეროზია ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ დროისთვის სააგენტოდან გათავისუფლებულია ყველაზე ცოტა, 20 ადამიანი და "რეალურად ძველი თანამშრომლებიდან მხოლოდ მძღოლები დარჩნენ." ანას თქმით, სააგენტოდან ბოლო ორ დღეში გათავისუფლებულთა შორის არიან ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, ისტორიკოსები. მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალების და საგანმანათლებლო სამსახური, სადაც ანა მუშაობდა, გაუქმდა.

თანამშრომელთა გათავისუფლების გარდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ აზნაურაშვილი უარს ამბობს მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტებზე. სააგენტოდან გათავისუფლებული კიდევ ერთი თანამშრომელი, ჟურნალისტი მაია ჩოლოყაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ სააგენტოს ხელმძღვანელმა შეაჩერა სამეცნიერო ჟურნალ "სამხრეთ კავკასია - არქეოლოგიური კონტექსტის” გამოშვება. მისი თქმით, ეს ჟურნალი ამ სფეროში ერთადერთი სამეცნიერო გამოცემა იყო, რომელიც საერთაშორისო რეფერირების სტატუსით სარგებლობდა.

მას შემდეგ რაც გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ინფორმაცია ფეისბუკის საშუალებით გაავრცელეს, განცხადება გამოაქვეყნა სააგენტომაც. უწყება თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტის ხსენების გარეშე საუბრობს "ოპტიმიზაციაზე," ხელფასების ზრდასა და სტრუქტურულ ცვლილებებზე.

"მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეგულარული ინსპექტირებისთვის მონიტორინგის სამსახურში შეიქმნა 5 რეგიონული დანაყოფი; სააგენტოს მმართველობის სფეროში მოქმედ მუზუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებს მეტი ავტონომია მიენიჭა. მონიტორინგის სამსახურს დაემატა 26 ახალი შტატი, შეიქმნა რეგიონული დანაყოფები" - ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ სააგენტოში "შტატით გათვალისწინებულ არც ერთ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო აღარ არის 1000 ლარზე ნაკლები."

ნიკოლოზ აზნაურაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელად 2021 წელს დაინიშნა. ის მონაწილეობდა არა მხოლოდ სააგენტოში ჩატარებული რეორგანიზაციებსა და გასაუბრებებში, არამედ ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელთა გასაუბრებშიც, რომლებსაც სამსახურიდან გათავისუფლებული მეცნიერები "დაკითხვას" ადარებენ.

ნიკოლოზ აზნაურაშვილის ხელმძღვანელობის დროს გაართულა სააგენტომ არქეოლოგიურ გათხრებზე ნებართვების გაცემა, რის შედეგადაც 2022 წლის ზაფხულში რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია, მათ შორის უძველესი ღვინის კერის შესახებ, ჩაიშალა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან თანამშრომლების გათავისუფლებას როგორც 2022 წლის დასაწყისში, ისე ახლაც წინ უძღოდა გასაუბრებები. 2022 წლის იანვარში სააგენტოდან ჯამში 36 ადამიანი გაათავისუფლეს.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში რეორგანიზაციის მიზეზით რამდენიმე ათეული თანამშრომელი გაუშვეს 2022 წლის იანვარშიც. სააგენტოს გარდა თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ რეორგანიზაცია ჩატარდა ეროვნულ მუზეუმშიც, რომლის სისტემაში შემავალი მუზეუმებიდანაც ასევე 50-ზე მეტი თანამშრომელია გათავისუფლებული. მათი უმეტესობა საკუთარი უფლებების დასაცავად სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლოში ჩივის. სამართლებრივ დავას აპირებენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან ოქტომბრის ბოლოს გათავისუფლებული თანამშრომლებიც.

XS
SM
MD
LG