რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს უკრაინის კიდევ ერთ ენერგოობიექტზე. დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ ვიკულის ინფორმაციით, ენერგოობიექტს წუხელ დაარტყეს უპილოტო საფრენი აპარატით. ვიკულის თანახმად, ზარალი მნიშვნელოვანია. ქალაქის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეუწყდა.
ოქტომბერში, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ენერგოობიექტებზე არაერთხელ განახორციელეს მასირებული შეტევა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ კვირაში განაცხადა, რომ მნიშვნელოვნადაა დაზიანებული უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 40%. შექმნილი ვითარების გამო, უკრაინის მთავრობამ ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი აამოქმედა.