Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თალიბანმა" ავღანეთში "ამერიკის ხმისა" და რადიო თავისუფლების მაუწყებლობა აკრძალა


რადიო თავისუფლების ხელმძღვანელობა გმობს "თალიბანის" ლიდერობით მოქმედი ავღანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც შეწყდა რადიო თავისუფლებისა და "ამერიკის ხმის" მაუწყებლობა.

"თალიბანი" ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ასახელებს რადიო თავისუფლებისა და "ამერიკის ხმის" კონტენტთან დაკავშირებით მიღებულ საჩივრებს. ავღანეთის ინფორმაციის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის, „რადიო აზადის" მაუწყებლობა 13 ქალაქში შეწყდა. "ამერიკის ხმამ" ასევე განაცხადა, რომ გაითიშა მისი ავღანური სამსახურის მაუწყებლობაც. პასუხად "თალიბანის" წარმომადგენელმა თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება "ჟურნალისტური პრინციპების შეუსრულებლობისა და ცალმხრივი მაუწყებლობის გამო იქნა მიღებული“.

"რადიო აზადი“ ათობით მილიონი ავღანელისთვის წარმოადგენს მაშველ წრეს, რაც თალიბანის გადაწყვეტილებას კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის", - განაცხადა რადიო თავისუფლება/ რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ და დასძინა, რომ რადიო თავისუფლების ავღანური სამსახური შეეცდება სხვა პლატფორმებით მიაწვდინოს ხმა თავის მსმენელს.

"ამერიკის ხმის" ვებსაიტზე ნათქვამია, რომ VOA და RFE / RL არიან აშშ–ის მთავრობის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო ორგანიზაციები, რომელთა თანამშრომლები იცავენ დამოუკიდებლობის პრინციპს და ცდილობენ უზრუნველყონ ფაქტების ყოვლისმომცველი, დაბალანსებული გაშუქება.

ავღანელმა თალიბებმა 2021 წლის აგვისტოში ხელმეორედ აიღეს ხელში ძალაუფლება, ქვეყნიდან დასავლური კოალიციური ძალების გასვლის შემდეგ.

ხელისუფლებაში დაბრუნების მერე "თალიბანმა" ჩამოაყალიბა მხოლოდ კაცებისგან შემდგარი მთავრობა, რომლის ხელმძღვანელი ვეტერანი რადიკალები აცხადებენ, რომ დაუბრუნდებიან შარიათის მკაცრ კანონებს - რაც დარტყმაა ავღანეთში და საერთაშორისო სივრცეში არსებულ იმედებზე, რომ "თალიბანის" მმართველობის მეორე პერიოდი უფრო ნაკლებად შემზღუდავი იქნებოდა, ვიდრე ორი ათწლეულის წინ იყო. "თალიბანი" არცერთ ქვეყანას უღიარებია.

ავღანეთის პროდასავლური ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლებაში "თალიბანის" დაბრუნების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა აშშ-ის ხელმძღვანელობით გაყინეს მათ ბანკებში არსებული ავღანეთის მთავრობის ანგარიშები და შეწყვიტეს განვითარების პროგრამების დაფინანსება, რაც ავღანეთის ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენდა.

XS
SM
MD
LG