Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვს "სირცხვილია"


მოძრაობა "სირცხვილია" 6 დეკემბრის გლოვის დღეს გამოცხადებას სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას. საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ამ დრომდე სამძიმარი არ გამოუხატავთ უკრაინაში დაღუპული 5 მებრძოლის ოჯახებისთვის - მათი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს, 3 დეკემბერს გავრცელდა.

"როდესაც ამ ქვეყნის შვილები მტერთან ბრძოლაში გმირულად იღუპებიან, გლოვის დღის გამოცხადება ინსტინქტი უნდა იყოს.

დაწეული დროშებით, სიმბოლურად მაინც ხომ უნდა ვაჩვენოთ, რომ ისევ ერი გვქვია, რომ ისევ გვაქვს მცირე სინდისი მაინც. რომ ცხოვრებას დანაკარგის იგნორირებით კი არა - მისი შემჩნევით, დაფასებითა და მომავლის იმედად ვაგრძელებთ", - წერს მოძრაობა "სირცხვილია" და სვამს კითხვას: "როგორია ცხოვრება მშვიდობის ქალაქად შეფუთულ კოლაბორაციონიზმისა და სირცხვილის ქალაქში?"

უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტთან ქართველი მეომრების დაღუპვას ხელისუფლების ოფიციალური პირებიდან მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა, გარდაცვლილების ოჯახებისთვის გამოცხადებული სამძიმრით.

დღეს, 4 დეკემბერს, პარლამენტის წინ ნაძვის ხესთან შავი ლენტების შებმას აპირებს პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია.

ქართველი მებრძოლების ცხედრების გამოსატანად ბახმუტში ამ დრომდე იბრძვიან ქართველები, უკრაინელ სამხედროებთან ერთად.

"ახლა ვართ ქალაქ ბახმუტის მისადგომებთან, სადაც არიან ჩვენი დაღუპულები. გამოსაყვანად შევედით და დაჭრილი გვყავს, ვერ გამოვიყვანეთ, ომი იყო, დაგვცხეს, გაგვანადგურეს. გამოვედით უკან, უნდა დავისვენოთ და ისევ შევიდეთ. ქალაქ ბახმუტი ჩვენია, ქალაქ ბახმუტის შემოგარენზე არიან მომდგრები ერთ მხარეზე. ბახმუტი ქალაქი ჩვენია, ჩვენ ვაკონტროლებთ", - უთხრა "მთავარ არხს" დღეს მიცემულ ინტერვიუში პარტიზანი მეომრების მეთაურმა დავით ქუქჩიშვილმა.

უკრაინაში 3 დეკემბერს დაღუპული ქართველი მეომრები არიან:

  • ავთო რურუა;
  • რომეო ფიჩხაია;
  • როლანდ კვარაცხელია;
  • ბადრი მარკელია;
  • მერაბ ალადაშვილი.

რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი მეომარი იბრძვის. პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა. ომის დაწყებიდან ამ დრომდე უკრაინაში 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG