Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიაში „დოჟდისთვის“ ლიცენზიის გაუქმების წინაპირობები განმარტეს


ფოტოილუსტრაცია: ტელეკომპანია "დოჟდის" საეთერო სტუდია
ფოტოილუსტრაცია: ტელეკომპანია "დოჟდის" საეთერო სტუდია

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) 8 დეკემბრიდან ტელეკომპანია „დოჟდის“ არა მხოლოდ სამაუწყებლო ბადიდან ამოღების გადაწყვეტილება მიიღო, არამედ ლატვიის ტერიტორიაზე ტელეკომპანიის სატელევიზიო პროგრამებზე წვდომა შეიზღუდა Youtube-ის პლატფორმაზე.

როგორც საბჭოს თავმჯდომარემ ივარს აბოლინშმა Delfi-ს ეთერში განაცხადა, „დოჟდს“ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვს. რაც შეეხება ტელეკომპანიის ჟურნალისტების ლატვიაში დარჩენის საკითხს, ამაზე საბოლოო ვერდიქტს საგარეო საქმეთა სამინისტრო და სპეცსამსახურები მიიღებენ.

აბოლინშმა დაამატა, რომ „დოჟდთან“ დაკავშირებული ამბავი ზაფხულიდან მოყოლებული, არხისთვის ლიცენზიის მიცემის დღიდან გაიწელა. მისი სიტყვებით, ლიცენზიის მიღების შემდეგ „დოჟდი“ გახდა ლატვიური და არა რუსული მაუწყებელი და შესაბამისად, ლატვიის კანონმდებლობის მოთხოვნები უნდა დაეცვა. მათ შორის უნდა უზრუნველეყო პროგრამების თარგმნა ლატვიურ ენაზე. ტელეარხი ვალდებული იყო ეს გაეკეთებინა სექტემბრიდან, მაგრამ დეკემბრამდე არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება.

აბოლინშის თქმით, მას შემდეგ, რაც ეთერში რუსული არმიის მისამართით გაჟღერდა სიტყვები „ჩვენი არმია“, საბჭო არხის ხელმძღვანელობას ესაუბრა. აბოლინშის თანახმად, "დოჟდის" თანამშრომლები ირწმუნებოდნენ, რომ შეეძლოთ „ჩვენი არმია“ ეწოდებინათ იმ ქვეყნის არმიისთვის, საიდანაც წარმოშობით არიან და რომლის მოქალაქეობაც აქვთ.

აბოლინშმა ასევე თქვა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ საბჭოს სხდომაზე, სადაც დარღვევას განიხილავდნენ, „დოჟდის“ ხელმძღვანელობა თარჯიმნის გარეშე მივიდა და თავისი პოზიციის რუსულ ენაზე გამოხატვას სთავაზობდა.

ეს შემთხვევა, რომელიც ორჯერ მოიხსენია აბოლინშმა "დელფის" ეთერში, მისი შეფასებით, ნათლად ცხადყოფს იმას, რომ „დოჟდის“ ხელმძღვანელობას ლატვიის კანონების შესახებ მკაფიო წარმოდგენა არ აქვს.

აბოლინში მიიჩნევს, რომ ეს ქმნის სერიოზულ რისკს იმისა, რომ ამ არხის მხრიდან დარღვევები განმეორდება.

18 ივლისის შემდეგ, როცა „დოჟდმა“ რიგის სტუდიიდან დაიწყო მაუწყებლობა, არხი 10 ათასი ევროთი დააჯარიმეს ორი დარღვევის გამო: ეთერში ნაჩვენებ რუკაზე ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში იყო, რუსეთის არმიას კი „ჩვენი არმია“ უწოდეს. მესამე დარღვევად იქცა ჟურნალისტ ალექსეი კოროსტილიოვის გამოთქმა, რომელიც რუსული არმიისადმი დახმარების მოწოდებად შეფასდა. „დოჟდის“ მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიატკომ მაშინ განმარტა, რომ წამყვანმა აზრი უხერხულად გამოხატა და არასწორად გაუგეს.

ალექსი კოროსტილიოვი სამსახურიდან დაითხოვეს, თუმცა დღეს, მას შემდეგ, რაც არხისთვის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გახდა ცნობილი, „დოჟდის“ გენერალურმა დირექტორმა ნატალია სინდეევამ თანამშრომლის გათავისუფლების გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა.

„მედუზასთან“ ინტერვიუში სინდეევამ განაცხადა, რომ ასეთ გადაწყვეტილებას არ მოელოდა.

„ამისთვის მზად არ ვიყავი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი [ლატვიის ხელისუფლება] ამას არ იზამდნენ“, - განაცხადა მან.

სინდეევა ამბობს, რომ ახლა არხი საკაბელო ქსელიდან შემოსავალს დაკარგავს. რაც შეეხება ლატვიის დატოვებას, მისი თქმით, "დოჟდის" წარმომადგენლები ამაზე „დიდი ხანია“ ფიქრობენ.

გამოცემა РБК-სთან საუბარში სინდეევამ თქვა, რომ არხი ეცდება ლიცენზია მოიპოვოს სხვა ქვეყანაში.

მოგვიანებით, სინდეევამ ინსტაგრამის არხზე ემოციური ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ის შეცდომას უწოდებს ალექსეი კოროსტილიოვის სამსახურიდან დათხოვნას, ბოდიშს უხდის მას და მაყურებელს ამ გადაწყვეტილების გამო. სინდეევამ ჟურნალისტებს მიმართა, დაბრუნდნენ "დოჟდში".

"ეს შეცდომა იყო და არანაირი ბოროტი ჩანაფიქრი. იყო უბრალოდ შეცდომა და შეიძლება უკრაინელებმა ამის გამო არ გვაპატიონ, მაგრამ ეს შეცდომაა და ხალხი უშვებს შეცდომებს. მეტი აღარ შემიძლია. შესაძლოა, კოლეგები არ დამეთანხმონ, მოიქეცით ისე, როგორც გსურთ, მაგრამ მე მინდა დავრჩე ადამიანად", - ამბობს სინდეევა.

„დოჟდთან“ დაკავშირებით კომენტარი კრემლშიც გააკეთეს.

„ყოველთვის ვიღაცას ჰგონია, რომ სხვაგან უკეთესია, ვიდრე სახლში და ყოველთვის ვიღაცას ჰგონია, რომ სადღაც თავისუფლებაა და სახლში არ არის თავისუფლება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა და ხაზი გაუსვა მსგავსი ილუზიების სიმცდარეს.

ელექტრონული მასმედიის ეროვნულმა საბჭომ განაცხადა, რომ მხოლოდ „დოჟდი“ „დაისაჯა“, სხვა რუსული დამოუკიდებელი გამოცემები, რომელთა რედაქციებიც ლატვიაში გადავიდა, მუშაობას განაგრძობენ.

ლატვიაში ლიცენზიის გაუქმების შემდეგ "დოჟდის" ფეისბუკის გვერდზე მაყურებლებისადმი მიმართვის ტექსტი გამოჩნდა - რედაქცია მომხმარებლებს და გულშემატკივრებს ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

  • ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ მანამდე აბოლინშს მიმართა თხოვნით, არ გაეუქმებინათ „დოჟდისთვის“ ლიცენზია, „ვინაიდან არხი რჩება დამოუკიდებლად და სანდო ინფორმაციის ერთ-ერთ მცირერიცხოვან წყაროდ, რომლითაც რუსი ჟურნალისტები ავრცელებენ ინფორმაციას რუსულენოვანი მოსახლეობისთვის“.
  • არხს მხარი დაუჭირა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა. მან განაცხადა, რომ ტელეარხის მთავარი რედაქტორის, ტიხონ ძიადკოს და „დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ეკატერინა კოტრიკაძის პოზიცია „აბსოლუტურად ომის საწინააღმდეგო და პროუკრაინულია“.
  • ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 2008 წელს მოსკოვიდან დაიწყო. 2014 წელს, ლენინგრადის ბლოკადის შესახებ გამოკითხვის შემდეგ, სატელიტური და საკაბელო ოპერატორების უმეტესობამ არხი სიიდან ამოიღო.
  • 2021 წელს „დოჟდი“ „უცხოური აგენტების“ სიაში შეიყვანეს.
  • 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ დაბლოკა „დოჟდი“. ბევრი სხვა დამოუკიდებელი მედიის მსგავსად, ის იძულებული გახდა მუშაობა შეეწყვიტა.
  • 2022 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიამ ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.
  • ომის დაწყების შემდეგ ორასზე მეტი რუსი ჟურნალისტი და ოცზე მეტი გამოცემა ლატვიაში გადავიდა. ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოთქვა შეშფოთება რუსული მედიის ლატვიაში ყოფნის გამო. როგორც უსაფრთხოების სამსახური ირწმუნებოდა, მათმა მუშაობამ, სადაზვერვო სამსახურის თანახმად, შეიძლება საფრთხე შეუქმნას ლატვიის საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოებას და შეიცავდეს რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის დაზვერვის მუშაობასთან.
XS
SM
MD
LG