Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში დაკავებულ 25 ულტრამემარჯვენეს შორის, რომლებიც გადატრიალების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილი, ერთი რუსია


გერმანიის პოლიციამ დააკავა ულტრამემარჯვენე მოძრაობის 25 წევრი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან გადატრიალების მომზადებაში
გერმანიის პოლიციამ დააკავა ულტრამემარჯვენე მოძრაობის 25 წევრი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან გადატრიალების მომზადებაში

7 დეკემბრის დილით გერმანიის პოლიციის მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ულტრამემარჯვენე მოძრაობის სულ მცირე 25 წევრი გადატრიალების მომზადებაშია ეჭვმიტანილი. პოლიციის ოპერაციაში მონაწილეობდა დაახლოებით 3000 სამართალდამცველი, რომლებმაც გაჩხრიკეს 57 ეჭვმიტანილის დაახლოებით 137 ობიექტი და საცხოვრებელი სახლი გერმანიის 4 პროვინციაში, ასევე ავსტრიის საკურორტო ქალაქ კიცბიუელსა და იტალიის ქალაქ პერუჯაში.

„ფედერალური პროკურატურა ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს მოძრაობა „რაიხსბიურგერებთან“ დაკავშირებულ ტერორისტულ ქსელთან მიმართებით. არსებობს ეჭვი, რომ მზადდებოდა შეიარაღებული თავდასხმა ხელისუფლების კონსტიტუციურ ორგანოებზე“, - დაწერა ტვიტერში გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა.

25 დაკავებულს შორის სამი შეთქმულების მხარდამჭერის სტატუსითაა. მათ რიცხვშია რუსეთის მოქალაქე ქალი. როგორც გერმანიის გენერალური პროკურატურის პრესრელიზშია ნათქვამი, იგი ორგანიზაციის წევრებს გერმანიაში მყოფ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან კავშირის დამყარებაში ეხმარებოდა. ამ ცნობის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ გერმანიაში გადატრიალების მოწყობაში ეჭვმიტანილები „ცდილობდნენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან დაკავშირებას, მაგრამ მათგან ვერ მიიღეს მხარდაჭერა“.

მოძრაობა "რაიხსბიურგერები" 1980-იან წლებში აღმოცენდა. მისი მონაწილეები არ აღიარებენ გერმანიას და თავს "გერმანული რაიხის" მოქალაქეებად თვლიან. ისინი თავად ქმნიან ალტერნატიულ პირადობის მოწმობებს და არარსებული იმპერიის მართვის მოწმობებს. გერმანიაში მოძრაობას დაახლოებით 21 ათასი მხარდამჭერი ჰყავს.

გერმანული Die Zeit-ის თანახმად, მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ ტიურინგიაში, ბად ლობენშტეინში მდებარე ერთ-ერთი უძველესი არისტოკრატული გვარის წარმომადგენლის, პრინც ჰაინრიხ XIII-ის სანადირო სახლში, რათა განეხილათ გადატრიალების გეგმები. გამოცემის ცნობით, მათი სამხედრო ლიდერი იყო გადამდგარი გერმანელი მედესანტე ოფიცერი რიუდრიგ ფონ პ., რომელმაც თავის გარშემო შემოიკრიბა თანამოაზრე გერმანელი „კომანდოსები“, მათ შორის სპეცდანიშნულების სარდლობის მოქმედი ოფიცრები. დაკავებულებს შორის გერმანული მედია ასევე ასახელებს გერმანიის პარლამენტის ყოფილ წევრს პრორუსული „ალტერნატივა გერმანიიდან“ და ერთ-ერთ ბერლინელ მოსამართლეს.

როგორც Bild-ი პროკურატურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, „გერმანიაში ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და საკუთარი სახელმწიფო სტრუქტურების შექმნის დაგეგმვის მიზნით", ამ საბჭოს წევრები 2021 წლის ნოემბრიდან რეგულარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ინფორმაცია განახლდება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG