Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა საქართველოსთვის 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა


ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტი დაამტკიცა. 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს, ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"საქართველომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსათვის უკვე მეორედ მიიღო. 2021 წელს საქართველო EPF-ის მიმღები ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ევროკავშირისთვის საქართველო რეგიონში უმნიშვნელოვანეს და სანდო პარტნიორს წარმოადგენს და ორივე მხრიდან არსებობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ძლიერი ინტერესი, მათ შორის სხვადასხვა ჰიბრიდული საფრთხეებისადმი მედეგობის გაზრდის მიზნით.

ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტით წელს პირველად მოხდება საქართველოსთვის კიბერ უსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერა. ასევე, დახმარების პაკეტი სამხედრო-სამედიცინო, სამხედრო-საინჟინრო და სატრანსპორტო შესაძლებლობების გასაძლიერებლად იქნება მიმართული.

ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიურობას და ცხადყოფს, რომ უსაფრთხოების განზომილება ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი კრიტიკული მიმართულებაა. ევროკავშირი აგრძელებს აქტიურ ჩართულობას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერით", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG