Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტივისტის მიმართ პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო


ირაკლი მილაძე
ირაკლი მილაძე

სამოქალაქო აქტივისტის, ირაკლი მილაძის მიმართა პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ირაკლი მილაძე სამართალდამცავებმა 12 დეკემბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, რის შემდეგაც ის შსს-ოს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. იზოლატორში მან პოლიციის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვა.

სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ისინი სწავლობენ სამოქალაქო აქტივისტის გადაადგილების მარშრუტს, დაკავების გარემოებებს და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტების ამსახველ ვიდეო კამერის ჩანაწერებს.

„მიმდინარე გამოძიების პერიოდში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოქალაქე ირაკლი მილაძის ჩართულობას სისხლის სამართლის საქმეში სრულად უზრუნველყოფს და საქმის ყველა მასალას გააცნობს“, - წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

სამოქალაქო აქტივისტი და კომპანია „გლოვოს“ კურიერი, ირაკლი მილაძე პოლიციელებს უკანონო თვალთვალსა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. ინფორმაცია ამის შესახებ მან 15 დეკემბერს სოციალურ ქსელში გაავრცელა. აქტივისტის მტკიცებით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები მას ჯერ სახლთან უთვალთვალებდნენ, მეორე დღეს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პოლიციაში გადაიყვანეს.

ირაკლი მილაძე ამბობს, რომ პოლიციაში ტანსაცმელი გახადეს, შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ეს პროცესი კამერით გადაიღეს.

სამოქალაქო აქტივისტი მის დაკავებას უკავშირებს ტიკ-ტოკში გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც ის ხელისუფლების წარმომადგენლებს, უფრო ზუსტად კი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას შეურაცხმყოფელი სიტყვებით აკრიტიკებს. აქტივისტი ვარაუდობს, რომ მისი გააქტიურება ხელისუფლებას აღიზიანებს და მის დაშინებას ამ გზით ცდილობენ:

„ბოლოდროინდელი აქტიურობის გამო 12 დეკემბერს დამიჭირა პოლიციამ და ბრალად დამდეს პოლიციის საჯაროდ გინება. ორი დღე გავატარე ზაჰესის კაპეზეზე და დღეს სასამართლოში გადამიყვანეს. ითხოვდნენ ჩემს პატიმრობაში დატოვებას, თუმცა მოსამართლემ მტკიცებულება მოითხოვა ვიდეოს სახით, სადაც ჩემი დაუმორჩილებლობაა ასახული და გამათავისუფლა დარბაზიდან“, - დაწერა ირაკლი მილაძემ 15 დეკემბერს სოციალურ ქსელში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ძალადობით ან იარაღის გამოყენებით მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG